სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები ქუთაისის მერიასთან 14 საათზე საპროტესტი აქციას გამართავენ.
ისინი საცხოვრისში შექმნილ სიტუაციას აპროტესტებენ და ადგილობრივ თვითმმართველობისგან ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას თხოვენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ოთახები ავარიულ მდომარეობაშია. ზოგიერთ ოთახში ჩამოშლილია ჭერი, ამოყრილია იატაკი და კედლები გაბზარულია. საცხოვრისში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ობიექტში ცხოვრება უკვე საშიში გახდა და მერიას ალტერნიტიულ ფართში გადასვლას სთხოვენ.
სოციალური საცხოვრისში ბენეფიციარების შესახლებიდან ექვს თვეში ჭერი ჩამოინგრა. ამ დროიდან მოყოლებული ობიექტი ზიანდება. საცხოვრისში მცხოვრებლები შენობისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდნენ, რათა, მათი თქმით, ადგილობრივი მთავრობა დარწმუნებულიყო რომ საცხოვრისში ცხოვრება საფრთხის შემცველი იყო. მერიამ ლევან სამხარაულის ექსპერტიზა მას შემდეგ დანიშნა, რაც ობიექტში ჭერი მეორედ ჩამოინგრა. მერიამ ექსპერტიზის დასკვნა სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა.
ლევან სამხარაულის ექსპერტების მიერ ჩატარებული დასკვნის სრული ვერსია ქუთაისის მერიას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. მანამდე დასკვნის ნაწილი ქუთაისპოსტმა მოიპოვა, სადაც საუბარია როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე, დოკუმენტაციასთან მიმართებაში არსებულ ხარვეზებზე. მათ შორის, დასკვნაში ნათქვამია, რომ შპს “სანომ” ბენეფიციარებს იმაზე ნაკლები რაოდენობის ფართი გადასცა, ვიდრე მერიამ მიღება-ჩაბარების აქტში მიუთითა.
ქუთაისში ნიკეს ქუჩაზე, კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში, სოციალური საცხოვრისი 2017 წლის პირველ ოქტომბერს გაიხსნა.
უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად კომპანია “სანომ” ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი მიიღო, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.