თბილისის საკრებულოს უმრავლესობა მეტროს მემანქანეების გაფიცვას უარყოფითად აფასებს

880

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს დეპუტატები ქართული ოცნებიდან მეტროპოლიტენის მემანქანეთა ნაწილის გაფიცვას ეხმიანებიან. მათ კომენტარებს IPN-ი ავრცელებს.

საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით თქვა, რომ თბილისის საკრებულო მერიის პოზიციას სრულად იზიარებს და მემანქანეებს გაფიცვის შეწყვეტისა და სამუშაო ადგილზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეების შრომის ანაზღაურება უკანასკნელი წლების განმავლობაში სისტემატურად იზრდებოდა და დღეს 1400-1800 ლარია.

სოხაძის განცხადებით, შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია და მემანქანეებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ თბილისის მცხოვრებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიან.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი  კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მეტროს თანამშრომელთა ხელფასების ზრდა სახსრების არარსებობის გამო შეუძლებელია.

„მე მესმის სურვილი, რომ იყოს მეტი ანაზღაურება, ეს მათი უფლებაა. თუმცა არსებობს რეალობა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: თბილისის სატრანსპორტო კომპანია დოტაციური ორგანიზაციაა, მოგებაზე არ გადის, შესაბამისად ორიენტირებულია საბიუჯეტო სახსრებზე. აღნიშნული კომპანია, დაფინანსებას სახელფასო და ინფრასტრუქტურულ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. საბიუჯეტო სახსრებით კი მათი ხელფასების ზრდა, განსაკუთრებით 45%-ით შეუძლებელია, რადგან ეს პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადების გადამხდელებთან და იმ თანხებთან, რომლითაც ივსება ბიუჯეტი“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, ეს არათანაბარ პირობებში აყენებს მუნიციპალიტეტში დასაქმებულ სხვა სამსახურებს, მათ შორის ბაღების პედაგოგებს, „თბილსერვისის“ თანამშრომლებს და სხვა.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ. დღეს კიდევ გააჟღერეს, რომ მათ მერთან შეხვედრა სურთ. 

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.

დღეს, 19:00 საათზე აუდიტორია 115 მეტროს გაფიცული თანამშრომლების სოლიდარობის აქციას გეგმავს.