რამდენია მეტროს გაფიცული თანამშრომლების ხელფასი? – გაფიცულთა და სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაცია

1198

წინა სტატია

მეტროპოლიტენის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი ფიქსირებული ხელფასი 1000- 1200 ლარია. მათი ინფორმაციით, ხელფასი 1093 ლარია, დანამატი – 55 ლარი მავნე პირობებისთვის, ხოლო ღამის მოცდენის საათები – 31.60 ლარი, რაც 1200 ლარამდე გამოდის. აქციის მონაწილეების თქმით, დღეისათვის მემანქანის ხელფასი საათში 6 ლარსა და 92 თეთრს შეადგენს და 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს მემანქანეებს 1400-1800 ლარი აქვთ, არასწორია.

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, მერიამ გამოაქვეყნა დარიცხული თანამდებობრივი სარგო, ხოლო გაფიცული მემანქანეები ხელზე აღებულ თანხებს ასახელებენ. ხმალაძე ასევე, ამბობს, რომ გარდა სარგოსი, მემანქანეები დანამატებს იღებენ.

თავის მხრივ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ააიპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციის, 2014 წლიდან დღემდე კოლექტიური ხელშეკრულება რამდენჯერმე დაიდო – 2014 წლის 30 მაისს, 2016 წლის 28 აპრილს, 2016 წლის 24 მაისს და 2017 წლის 31 მაისს.

ბოლო ხელშეკრულების პირობების მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია:

„1. გადაუხადოს საწარმოში დასაქმებულ კავშირის წევრს დანამატის სახით: მძიმე (50ლ) და მავნე (70ლ) საშიშროებებს მიკუთვნებულ თანამდებობებზე დასაქმებულებს;
2. საკვალიფიკაციო კლასებისათვის პირველი – 100ლ; მე-2-70ლ; მე-3-50ლ;
3. თანრიგებისათვის;
4. წელთა ნამსახურება (2016 წლიდან);
5. ე.წ. „წყვეტილ სამუშაო გრაფიკისათვის“ ღამის საათებში საწარმოს ტერიტორიაზე გატარებული პერიოდისათვის – ფულადი დანამატი – 10 ლ; (2014წლის მაისიდან);
6. აქვთ უფასო დაზღვევა;
7. გარდაცვალების შემთხვევაში გასცეს 1000 ლარის ოდენობით დახმარება;
8. ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დამატებით 5-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება;
9. ასევე უნაზღაურებს ავტობუსის მომსახურების საფასურს 375 ლარის ოდენობით;
10. დაოჯახების შემთხვევაში ეძლევათ დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება და ფულადი საჩუქარი 250 ლარის ოდენობით;
11. ბავშვის დაბადების შემთხვევაში ფულადი საჩუქარი 375 ლარი;
12. თავისუფალი დღით სარგებლობა (day off);
13. ღამის საათების ანაზღაურება (22:00-06:00 საათამდე) საათობრივი ტარიფის (8,65) 20%-იანი დანამატით; (2016 წლიდან);
14. სადღესასწაულო ფულადი საჩუქარი – დაახლოებით 250 ლ (2016 წლიდან);
15. მეცამეტე ხელფასი – 100% (სავალდებულო წესით გაიცემა 2016 წლიდან);

სატრანსპორტო კომპანია 2013-2017 წლების მიხედვით მეტროს მემანქანეების შემოსავლების ზრდის დინამიკასაც აქვეყნებს:

მემანქანე ინსტრუქტორებს 2013 წელს – 1,824 ლარი ჰქონდათ; 2014 წელს -1,962 ლარი; 2015 წელს – 1,968 ლარი; 2016 წელს -2,046 ლარი; 2017 წელს კი – 2,158 ლარი.

ხაზის მემანქანეებს – 2013 წელს -1,605 ლარს იღებდნენ; 2014 წელს – 1,700 ლარს; 2015 წელს – 1,730 ლარს; 2016 წელს – 1,794 ლარს; ხოლო 2017 წელს – 1,827 ლარს.

გარდა ამისა, სატრანსპორტო კომპანია 2013-დან 2017 წლის ჩათვლით მემანქანეების საშუალო შემოსავლების შესახებ ინფორმაციასაც აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ყოველთვიური ფიქსირებული ფულადი დანამატი საკვალიფიკაციო კლასების მიხედვით: პირველი კლასი – 100 ლარი; მე-2 კლასი – 70 ლარი; მე-3 კლასი – 50 ლარი;“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, 2014 წლის 1 მაისიდან დაწესდა ფიქსირებული ფულადი დანამატი 10 ლარის ოდენობით ყოველ ე.წ. „წყვეტილ სამუშაო გრაფიკზე“ (მემანქანეები რჩებიან საწარმოს ტერიტორიაზე, რათა დილით უზრუნველყონ მოძრავი შემადგენლობის ხაზზე გაყვანა).

გარდა ამისა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 2016 წელს მაისში დაწესდა წელთა ნამსახურების დანამატის გაცემის წესი; ასევე, 2016 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა ღამის საათების (22:00-06:00) ანაზღაურების წესი მოქმედი ტარიფის 20%-იანი დანამატით; ამავე წლიდან სავალდებულო წესით გაიცემა სადღესასწაულო დანამატი წელიწადში ორჯერ (აღდგომას -250 ლარი დარიცხული; წინა საახალწლოდ – ერთი თვის ხელფასი). გარდა ამისა, სატრანსპორტო კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სადღესასწაულო დანამატი 2014-2015 წლებშიც გაიცა, თუმცა, ეს სავალდებულო წესის თანახმად არ იყო.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.