საია მზად არის, მეტროს მემანქანეების უფლებები დაიცვას

663

წინა სტატია

საია მზად არის ჩაერთოს მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებულ საქმეში და დაიცვას იმ ადამიანთა უფლებები, ვისიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იზღუდება. ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“მე მოვისმინე, რომ შესაძლოა რაღაც სამართლებრივი ჩარევა მოხდეს და გამოიყენონ ერთგვარი პასუხისმგებლობის ფორმები ამ ადამიანებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ ამ სიტუაციაში სამართლებრივად ჩავერთოთ და დავიცვათ იმ ადამიანების უფლება, ვისი უფლებებიც იზღუდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ასე, რომ თუ თვითმმართველობა ფიქრობს, რომ სამართლებრივ დავაში შევა ამ ადამიანებთან, მათ პასუხისმგებლობაზე დაიწყებს საუბარს მათ შორის სასამართლო ინსტანციებში, მზად ვართ სამართლებრივად დავეხმაროთ მათ”, – განაცხადა სალაძემ.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მემანქანეებს არასამუშაო საათებში შეეძლოთ აქციის გამართვა, გაურკვეველია, ხოლო ამ ყველაფერზე კი პასუხისმგებლობა ქალაქის თვითმმართველობამ უნდა აიღოს.

“ის მოცემულობა, რომელშიც დღეს აქ გვიწევს ყოფნა, არის გამოძახილი სწორედ სასამართლოს გაურკვეველი გადაწყვეტილების, როდესაც მეტროს მემანქანეებს უთხრა, რომ თქვენ შეგიძლია გაიფიცოთ არასამუშაო საათებში. არასამუშაო საათებში გაფიცვის შედეგად როდესაც ეს ადამიანები გამოცხადდნენ სამსახურში, უთხრეს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ,ისინი ვერ გავიდოდნენ სამუშაოდ. ეს არის გამოძახილი და გაგრძელება იმ გადაწყვეტილების, რომელიც თავის დროზე სასამართლომ მიიღო. ამიტომაც დღეს აქ რაც ხდება ამაზე სრულად პასუხისმგებელი არის ქალაქის თვითმმართველობა”, – განაცხადა სალაძემ.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ. დღეს კიდევ გააჟღერეს, რომ მათ მერთან შეხვედრა სურთ. 

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.

დღეს, 19:00 საათზე აუდიტორია 115 მეტროს გაფიცული თანამშრომლების სოლიდარობის აქციას გეგმავს.