თბილისის მეტროპოლიტენის გაფიცული მემანქანეები კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ

757

წინა სტატია

თბილისის მეტროპოლიტენის გაფიცული მემანქანეები, რომლებიც ხელფასების გაზრდას ითხოვენ, დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. როგორც საინფორმაციო სააგენტოს ერთ-ერთმა მემანქანემ, ემზარ ბარბაქაძემ უთხრა, ინფორმაცია, რომ მემანქანეებს მაღალი ხელფასი აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება.

აქციის მონაწილეების განმარტებით,ფიქსირებული ხელფასი 1000- 1060 ლარია, თუმცა ხელზე 800 ლარამდე იღებენ. ისინი თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

“გაფიცვა გუშინ დავიწყეთ, 15:00 საათზე. ჩვენ ვშიმშილობთ. პასუხი ჯერ არ ჩანს, არავინ მოდის შეხვედრაზეც, რომ დავილაპარაკოთ. მიკვირს, რატომ ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს მაღალი ხელფასი გვაქვს. ბატონო კახა, პირადად მობრძანდით და დაწვრილებით მოგიყვებით. ჩვენგან არ ყოფილა მოთხოვნა, რომ ტარიფის ზრდის ხარჯზე მოგვიმატეთ ხელფასი. საიდან მოგაქვთ?! ჩვენ არ გვიხარია გაფიცვა, მაგრამ იძულებული ვართ. რამდენი წელი გავიდა უკვე, რაც ხელფასზე ვსაუბრობთ?! 2013 წლიდან ამაზე ვსაუბრობთ. დღეისათვის მემანქანის ხელფასი შეადგენს საათში 6 ლარსა და 92 თეთრს, ვითხოვთ 10 ლარამდე გაზრდას”,- განაცხადა ემზარ ბარბაქაძემ.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.