მეტროს გაფიცული მემანქანეების სოლიდარობის აქცია დღეს 19:00 საათზე გაიმართება

712

წინა სტატია

აუდიტორია 115 მეტროს გაფიცული თანამშრომლების სოლიდარობის აქციას გეგმავს. აქცია დღეს 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყება და მსვლელობა თბილისის მერიამდე გაგრძელდება.

“3 ივნისს თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაიფიცნენ. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატება გახლავთ.

უკვე ხუთი წელია მეტროს დამოუკიდებელი პროფკავშირები „ერთობა 2013“ ქალაქის მერიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. პროფკავშირელები არაერთხელ შეხვდნენ ქალაქის სხვადასხვა ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს. ხუთწლიანი ბრძოლის მიუხედავად, მათ ანაზღაურების მომატების მიზანს ვერ მიაღწიეს. დედაქალაქის ხელმძღვანელობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობს მშრომელთა ლეგიტიმური მოთხოვნების იგნორირებას. კახა კალაძე გაურბის საკუთარ პასუხისმგებლობას და ქალაქში წარმოქმნილი სატრანსპოტო კოლაფსის მოგვარებას მემანქანეებსა და სხვა დაბალანაზღაურებად საჯარო მოსამსახურეებს (პოლიციელები, ექიმები, მეხანძრე-მაშველები) შორის კონფლიქტის გაღვივებით ცდილობს. კონფლიქტის საფუძვლად იგი მემანქანეებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეების ხელფასთა შორის სხვაობას იყენებს. ქალაქის მერის მეორე მიზანი მემანქანეებსა და მგზავრებს შორის დაპირისპირების წარმოქმნაა. მუნიციპალური მთავრობა მგზავრთათვის შექმნის დისკომფორტს, მეტროს გაჩერებას ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულებს აბრალებს და არა საკუთარ თავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქის მერია ჩვენს თანამოქალაქეებს არაზუსტ, მცდარ ინფორმაციასაც აწვდის და მემაქანეთა საშუალო ხელფასად 1800-2100 ლარს ასახელებს. ამასთანავე, მეტროს თანამშრომლებს იმასაც კი აბრალებენ, რომ თითქოს მათ ანაზღაურების მომატება მგზავრობის ღირებულების გაორმაგების ფასად სურთ. მეტროს პროფკავშირელთა წინააღმდეგ ცინიკურად მოქმედებს სასამართლო ხელისუფლებაც, რომელმაც დასაქმებულებს გაფიცვის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათების დროს მისცა (!).

პოლიტიკური ელიტა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რიგითმა მოქალაქეებმა ვერაფერი გაიგონ მემანქანეთა უმძიმესი ყოფის შესახებ. მემანქანეები ცხოვრების ნახევარზე მეტს მიწისქვეშ ატარებენ, მათ შრომა მომატებული ხმაურის, ვიბრაციის, რადიაციული ფონისა და ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში უწევთ. მემანქანეთა მნიშვნელოვანი ნაწილი მავნე შრომის გამო საპენსიო ასაკამდე მიღწევასაც ვერ ახერხებს. პროფესიონალ მშრომელებს დღეში 300-400 ათასი თანაქალაქელის მშვიდობიანი მგზავრობის უზრუნველყოფა ევალებათ. ისინი ნამდვილად იმსახურებენ თბილისის ვიცე-მერებზე, დეპარტამენტის უფროსებზე და გამგებლებზე მეტ ხელფასს, თუმცა, მათი მოთხოვნა საათობრივი ანაზღაურების მხოლოდ 3-4 ლარით ზრდა გახლავთ.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დღეში რამდენჯერმე ვმგზავრობთ მუნიციპალური ტრანსპორტით, სოლიდარობას ვუცხადებთ წლების განმავლობაში ჩვენი უსაფრთხო გადაადგილებისთვის მშრომელ, არაადეკვატურად ანაზღაურებადი სამუშაოს შემსრულებელ მემანქანეებს და ვითხოვთ მათი შრომითი პირობების გაუმჯობესებას.

მოგიწოდებთ დღეს, 4 ივნისს, 19:00 საათზე შემოუერთდეთ მსვლელობას თსუ-ის პირველი კორპუსიდან ქალაქის მერიის მიმართულებით (სააკაძის მოედნის). ვაგრძნობინოთ მერიას, რომ შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელნი მაღალი თანამდებობის პირები არიან და არა მეტროს თანამშრომლები.

სოლიდარობა მეტროს მემანქანეებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.