არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ შანტაჟის ენით საუბარს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მეტროს მემანქანეების დაანონსებული გაფიცვის შესახებ საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელეკბს.
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ შანტაჟის ენით საუბარს. ამ ეტაპზე, არავითარი შესაძლებლობა არ არის იმისა, რომ ადამიანებს, რომლებსაც 1400 დან 1800 ლარამდე აქვთ ხელფასები, 45 პროცენტით მოვუმატოთ ანაზღაურება. გარდა მემანქანეებისა, ჩემთან დაახლოებით 24 000 ადამიანი მუშაობს, არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობები, იგივე თუნდაც ბაღის პედაგოგები, “თბილსერვისის” თანამშრომლები, ადამიანები, რომლებსაც ოთხჯერ დაბალი ხელფასები აქვთ, მათ რა უნდა ვუპასუხო? ამიტომ, მე არ და ვერ მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს ჩემ ქალაქს და დააზიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ამ სისტემაში.
რაც ეს პროცესი დაიწყო და შანტაჟის ენით გვესაუბრებიან, დედაქალაქის მერია და კომპანია კანონს არ გასცდენია. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, დროებით შეუჩერა გაფიცვის უფლება, რადგან ჯერ საქმე განხილვის პროცესშია. სანამ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მემანქანეებს არ აქვთ უფლება, გაიფიცონ. თუმცა, თუ ისინი მაინც მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ჩვენი მხრიდან იქნება განხორციელებული ყველა ის მიმართულება, რომელიც კანონს არ ეწინააღმდეგება. ეს იქნება ხელფასების დაკავება და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მეტროპოლიტენის თანამშრომლები, ძირითადად, მემანქანეები ამ წუთებში გლდანის დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი გაფიცულები არიან და შიმშილობაც გამოაცხადეს.
მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი 3 მაისს გაფიცვას გეგმავდა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაფიცვა 30 დღით გადადო. რამდენიმე დღის წინ კი სასამართლომ მემანქანეებს გაფიცვის უფლება უკვე გაურკვეველი დროით შეუზღუდა. თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ.