მემანქანეები: თბილისის მერი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს

1064

წინა სტატია

თბილისის მეტროს გაფიცული თანამშრომლები დედაქალაქის მერის იმ განცხადებას პასუხობენ, სადაც კახა კალაძემ მეტროს მემანქანეები შანტაჟი დაადანაშაულა. მემანქანეები ამბობენ, რომ თბილისის მერი მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ინფორმაციას შესახებ on.ge ავრცელებს.

მეტროს თანამშრომლები მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. ისინი მერიის მიერ ხელფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მემანქანის ხელფასი არა 1800 ლარს, არამედ 1200 ლარს შეადგენს.

“ჩვენ არ ვსაუბრობთ შანტაჟის ენით, ჩვენ ყოველ წუთს და ყოველ წამს მზად ვართ დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დათმობაზეც წავიდეთ. არ ვცდილობთ საზოგადოებისთვის პრობლემების შექმნა, ყოველთვის ვითხოვდით, რომ ხელფასიდან დანამატის თანხა გამონახული ყოფილიყო შეეზღუდათ თავისთვის დანამატები პრემიები და იმ თანხებიდან მომხდარიყო ხელფასის გაზრდა. ჩვენი ხელფასი თურმე ყოფილა 1400 დან 1800 ლარამდე. მემანქანის ხელფასი არის 1093 ლარი პლუს დანამატი 55 ლარი მავნე პირობებისთვის და ღამის მოცდენის საათები 31.60 ლარი, რაც გამოდის ხელზე ასაღები თანხა 1200 ლარამდე”, -აცხადებს მეტროს მემანქანე ნუგზარ გაგუა.

მემანქანეები აცხადებენ, რომ მათ არც მგზავრობის საფასურის გაზრდა მოუთხოვიათ.

მეტროს თანამშრომლების განცხადებით, ისინი ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას და 2013 წლის სახელფასო ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ.

“ვითხოვთ ხელფასის იმ ნიშნულზე დაყენებას რაც იყო 2013 წელს, მოხდა ინფლაცია გაუფასურება და ეს არ არის ხელფასის მატება”, – აცხადებს მეტროს თანამშრომელი ხათუნა ჩიტიაშვილი.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ. დღეს კიდევ გააჟღერეს, რომ მათ მერთან შეხვედრა სურთ. 

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.

დღეს, 19:00 საათზე აუდიტორია 115 მეტროს გაფიცული თანამშრომლების სოლიდარობის აქციას გეგმავს.