მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის გამო, მეტრო დილიდან არ მუშაობს. მგზავრები მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდებიან. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება მემანქანეების გაფიცვა. მათთან მოსალაპარაკებლად ცოტა ხნის წინ გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ გრიგოლია მივიდა.
გამოცემა bpn.ge-ს ცნობით, ცნობისთვის, მეტროს ყოველდღიურად დაახლოებით 300-350 ათასი მგზავრი გადაჰყავს, მგზავრობის საფასური 50 თეთრია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ დღეში მეტროპოლიტენით მგზავრობისას სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტში 150-175 ათასი ლარი შედის.
რაც შეეხება ავტობუსებს, მათ მიერ გადაყვანილ მგზავრთა რიცხვი ყოველდღიურად დაახლოებით 400 ათასია. მგზავრობის საფასური ამ შემთხვევაშიც 50 თეთრია, შესაბამისად, ავტობუსებში მგზავრობის შედეგად დღეში, დაახლოებით, 200 ათასი ლარი შედის სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტში.
შესაბამისად, უხეში გაანგარიშებით ერთდღიანი გაფიცვის შედეგად „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ზარალი დაახლოებით 350 ათასი ლარია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მეტროსა და ავტობუსში რიგი სოციალური შეღავათები მოქმედებს, შესაბამისად, აღნიშნული თანხები შესაძლოა 100%-იანი სიზუსტით არ იყოს.
შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ. დღეს კიდევ გააჟღერეს, რომ მათ მერთან შეხვედრა სურთ.
თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.
დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ააიპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.