აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის 3.422 მილიონი ლარი დაიხარჯება

909

წინა სტატია

აბასთუმნის ობსერვატორიასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3.422 მილიონი ლარი დაიხარჯება. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიებმა ABEKA და „პალადა“-მ გაიმარჯვა. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.

სამუშაოები კონტრაქტის ხელმოწერიდან 15 დღეში უნდა დაიწყოს.

პროექტი ითვალისწინებს ამ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. მათ შორის, დიდი ტელესკოპის AZT-11-ის სამ სართულიანი ტერასული შენობის გადაგეგმარებას და რეაბილიტაციას.

პირველ სართულზე განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო სივრცითა და ობსერვატორიის ვირტუალური ლაბორატორიით. აქვე მოეწყობა მცირე კაფე და საპირფარეშოები. მეორე და მესამე სართულებზე შენარჩუნებული იქნება შენობის თავდაპირველი დანიშნულებით არსებული სათავსები, და მცირედი გადაგეგმარებით აქ განთავსდება ბიბლიოთეკა და ობსერვატორიის თანამშრომელთა სამუშაო ოთახები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შეეხება შენობაში არსებულ ტელესკოპს და მის ტექნოლოგიურ სათავსებს.

შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე რეაბილიტაცია 18 ისტორიულ შენობას ჩაუტარდება. შენობების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 715 305 ლარია განსაზღვრული.სამუშაოები 18 თვეში დასრულდება. ასევე დაგეგმილია აბასთუმნის საბაგიროს გზის რეკონსტრუქცია.