თვითმმართველობის გაუქმებაზე მსჯელობენ დღეს ახალციხეში. “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” ინიციატივით, შესაძლო ცვლილების საჯარო განხილვა მიმდინარეობს, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ახალციხის მერი მონაწილეობენ. შეხვედრაზე ქალაქის სტატუსის გაუქმების შედეგებს განიხილავენ. მონაწილეთა აზრით, ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში ამ ქალაქების განვითარება შეფერხდება და მთავრობის არგუმენტები ცვლილების მისაღებად საკმარისი არაა.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი თვითმმართველობის გაუქმების წინააღმდეგია. ვლადიმერ ზედგინიძე მიიჩნევს, რომ ექსპერიმენტების დრო დასრულდა და ქალაქის სტატუსის გაუქმება ახალციხეს არ არგებს. ის ასევე მიიჩნევს, რომ თვითმმართველი ერთეულები იმსახურებენ დამოუკიდებლად არსებობას. “საზოგადოება მეტად უნდა იყოს ჩართული ყველა ცვლილებაში და რეფორმის გატარებაში. მერის თანამდებობა არჩევითი უნდა იყოს. თვითმმართველობის გაუქმება არ იქნება მართებული,”- განაცხადა ახალციხის მერმა.
დღესვე, თვითმმართველი ქალაქების შესაძლო შემცირების შესახებ იმსჯელეს თელავის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორგანიზატორების თქმით, აპირებენ ხელმოწერების შეგროვების პროცესი კვლავ გაგრძელონ, რათა დაწყებული პროცესი შეაჩერონ. თვითმმართველობის შესაძლო გაუქმებაზე დღეს შეხვედრა გორშიც გაიმართა.
თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებაზე 29 მარტს 120-მა არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, არ დაუშვას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება. პარალელურად, იმავე მოთხოვნით, თელავსა და ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ საკითხი განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა. პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტში კი ამბობენ, რომ ქალაქების გაუქმებას მყარი არგუმენტები სჭირდება.
წყარო: იმედინიუსი