ახალციხის მერია 2 სპორტულ ა(ა)იპ–ს აერთიანებს, მიზეზი აუდიტის რეკომენდაციაა

604

28 აპრილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა. განსახილველად გატანილი 13 საკითხიდან ერთ–ერთი, სპორტის მიმართულებით მომუშავე ორი ა(ა)იპ–ის გაერთიანება და ერთ ორგანიზაციად ჩამოყალიბება იყო, რასაც საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. აღნიშნულზე რეკომენდაცია გასულ 2021 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მუნციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტის მიხედვით, ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის კომპლექსური სასპორტო სკოლისთვის“ მიმდინარე წელს 353,5 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ასევე სპორტული მიმართულებით მომუშავე მეორე ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბისთვის“ კი 228,5 ათასი ლარი. ახალ ა(ა)იპ–ს „ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანება“ დაერქმევა.

ახალციხის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, რა თანხა გამოიყოფა და როგორი იქნება ერთ ა(ა)იპ–ად შერწყმული ორგანიზაციის საშტატო ნუსხა, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა იგი ნაკლებად ვარაუდობს, რომ ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება შემცირდება.

„ეს ერთ–ერთი რეკომენდაცია იყო აუდიტის სამსახურისგან. ჩვენც ვფიქრობთ, რომ მსგავსი შინაარსის დუბლირებული ორგანიზაციები არ უნდა გვქონდეს და ჯობს, რომ იყოს ერთი და ძლიერი. ბიუჯეტი არ იმატებს და ასე ვთქვათ, ხარჯი არ იქნება. საშტატო ნუსხა მუშავდება. ძალიან დიდი ორგანიზაცია იქნება და შეიძლება ერთი ბუღალტერი არ ეყოს. 90% ამ ა(ა)იპ–ში დასაქმებულია მოქმედი სპორტსმენები, მწვრთნელები. 10% ადმინისტრაციული და ტექნიკური მიმართულებით არის დასაქმებული. თუ მოხდება გარკვეული ოპტიმიზაცია, ეს იქნება ადმინისტრაციის მიმართულებით და რაიმე განსაკუთრებული ფინანსურ სხვაობა არ იქნება“,–აცხადებს ირაკლი ლაზარაშვილი.

2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სპორტის სფეროს განვითარებისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტში 962 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს, საიდანაც 210 ათასი ლარი სპორტული ღონისძიებების გამართვაში, 170 ათასი ლარი კი სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაციასა და მშენებლობაშია გათვალისწინებული. სპორტის მიმართულებით ბიუჯეტში გაწერილი თანხიდან, დარჩენილი 582 ათასი ლარი დღეს, 28 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე გაუქმებულ სპორტულ ორგანიზაიცების მუშაობისთვის იყო გამოყოფილი, რომელიც სავარაუდოდ, ახალ, უკვე გაერთიანებულ ა(ა)იპ–ს მოხმარდება.