როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში

637

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და 2024 წლის სექტემერში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი – აგარა – ივნისი; ფერსა – ივნისი.

2023 წელი – ახალციხე – მარტი; მინაძე – მარტი; კლდე – ივნისი; ელიაწმინდა – აგვისტო; სვირი – აგვისტო; აწყური – აგვისტო.

2024 წელი – წყრუთი – მაისი; სხვილისი – მაისი; ურაველი – მაისი; ანდრიაწმინდა – მაისი; საძელი – მაისი; პამაჯი – მაისი; ვალე – სექტემბერი; წყალთბილა – სექტემბერი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.