ქარსელაძე: “განახლებული რეგიონების” ფარგლებში ახალციხეში 50-ზე მეტ შენობას რეაბილიტაცია უტარდება 

302

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ახალციხეში რეაბილიტაცია 50-ზე მეტ შენობას უტარდება.

მინისტრმა მიმდინარე სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად, მოინახულა.

“სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს და მალე სრულდება „განახლებული რეგიონების“ პროექტების პირველი ფაზის სამუშაოები. ეს არის ახალი სიცოცხლე მუნიციპალიტეტებისთვის. ახალციხეში ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები. რეაბილიტაცია უტარდება 50-ზე მეტ შენობას, რა თქმა უნდა, მიმდებარე ინფრასტრუქტურის ჩათვლით. ეწყობა სკვერები, მათ შორის, ცენტრალური პარკი. პირველი ფაზის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და ინტენსიურად გრძელდება მეორე ფაზის სამუშაოებიც. უკვე სექტემბერში შესაძლებელი იქნება სრული შედეგის ხილვა,“ – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ქალაქ ახალციხეში ნათენაძის ქუჩის, მიმდებარედ არსებული სკვერების და გიორგი ბრწყინვალეს მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. საერთო ჯამში, განახლდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შენობები და რეაბილიტირდება 6 სკვერი. ჩატარებული სამუშაოები მოიცავს შენობების კარ-ფანჯარების ახალი იზოპროფილის ვიტრაჟებით შეცვლას, ენერგოეფექტურობის კომპონენტის თბოიზოლაციით გაძლიერებას, მიმდებარე საფეხმავლო ზოლის მოწესრიგებას, სკვერების გამწვანებას, სარწყავი სისტემის მოწყობას, ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მონტაჟს და სხვა.

ადიგენში დასრულების ეტაპზეა, პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქალაქის ცენტრალური უბნის ურბანული განახლების სამუშაოები. თამარ მეფის ქუჩაზე, საერთო ჯამში, რეაბილიტირდება 5 შენობა და მიმდებარე სკვერები. შენობების განახლებასთან ერთად, წესრიგდება მიმდებარე საფეხმავლო ზოლიც.

დაბა ასპინძაში, პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, დასრულდა ასპინძის ომის მემორიალის მიმდებარე ინფრასტრუქტურის და სამკუთხა სკვერის რეაბილიტაცია. პროექტი, პროგრამიდან გრანტის სახით მიღებული დაფინანსებით, უშუალოდ მუნიციპალიტეტმა განახორციელა.

მინისტრმა ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, 180 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის დასრულებული შენობაც დაათვალიერა. ახალი, თანამედროვე სტანდარტის საბავშვო ბაღი ევროპის საინვესტიციო ბანკის 2,6 მილიონ ლარზე მეტის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა. ახალ ბაღში ბავშვთა დასასვენებელი, გასართობი, სასადილო და სხვა დანიშნულების ოთახების გარდა, მოეწყო გარე სივრცეებიც. მოცემულ ეტაპზე, დაწყებულია საბავშვო ბაღის საჭირო ინვენტარით აღჭურვის პროცესი.

დაბა ასპინძაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სახელმწიფო ბიუჯეტის 3.4 მილიონ ლარზე მეტის დაფინანსებით, 600 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრულ სარეაბილიტაციიო სამუშაოებსაც აწარმოებს. სკოლა, რომელშიც მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება, ყველა სტანდარტისა და რეგულაციის შესაბამისად რეაბილიტირდება. ეწყობა წყალმომარაგების, კანალიზაციის, სახანძრო, გათბობის, ელექტრო მომარაგების და ვენტილაციის სისტემები, საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. სკოლის შენობა სრულად ადაპტირდება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.