გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ახალციხის ბაღების გაერთიანებას სასამართლო მოუგო

526

ა(ა)იპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან გათავისუფლებულმა იურისტმა, მარინა აბულაძემ ა(ა)იპ–ის ხელმძღვანელობას სასამართლო დავა მოუგო. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაღების გაერთიანებამ აბულაძე სამსახურში უნდა აღადგინოს და იძულებით განაცდური საათები აუნაზღაუროს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

როგორც მარინა აბულაძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა სასამართლომ მოთხოვნებიდან მხოლოდ ერთი პუნქტი არ დაუკმაყოფილა.

„არ დამიკმაყოფილა დისკრიმინაციის მოთხოვნა, სადაც სიმბოლურად, მორალური ზიანის ანაზღაურებას 1 ლარის ოდენობით ვითხოვდი. სასამართლომა (ა)იპ–ს დაავალა იძულებით განაცდური საათების ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა“,- ამბობს მარინა აბულაძე.

იმ შემთხვევაში თუ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში არ გაასაჩივრებს, მარინა აბულაძე გეგმავს გაერთიანებაში იურისტის პოზიციაზე დაბრუნდეს და მუშაობა გააგრძელოს. იგი ამჟამად ახალციხის საკრებულოს დეპუტატია გიორგი გახარიას პარტიიდან.

„ახლა არსებობს გასაჩივრების 14–დღიანი ვადა. მე მაქვს  სურვილი დავბრუნდე ჩემს სამსახურში. ვნახოთ როგორ იმოქმედებს ბაღების გაერთიანება, გაასაჩივრებს თუ არ არ ვიცი“,- თქვა აბულაძემ.

აპირებს თუ არა ა(ა)იპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ჩვენთვის უცნობია, დაწესებულების ხელმძღვანელი მარინა მერაბიშვილი „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ ა(ა)იპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან გათავისუფლებულმა იურისტმა, მარინა აბულაძემ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი გასული წელს სექტემბერში შეიტანა. იგი სამსახურში აღდგენას, განაცდური საათების ანაზღაურებას და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას ითხოვდა. აბულაძის უფლებებს „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი, თეა თედლიაშვილი იცავდა.

მარინა აბულაძე წლების განმავლობაში ა(ა)იპ “ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში” იურისტად მუშაობდა, სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისი შვილი გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს შეუერთდა. მარინასთან ერთად, სამსახურიდან გაათავისუფლეს მისი და, თამარ აბულაძეც, რომელიც ახალციხის საკრებულოში მუშაობდა. მაშინ აბულაძეებმა თქვეს, რომ სამსახურიდან წასვლა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა მოსთხოვა. ისინი მხარის რწმუნებულმა კაბინეტში გასული წლის 24 აგვისტოს დაიბარა. აღნიშნული ფაქტი მაშინვე უარყვეს მხარის ადმინისტრაციაში. მარინას მსგავსად, სასამართლოს გადაწყვეტილებით სამსახურში აღადგინეს მისი და, თამარ აბულაძეც.

მარინა აბულაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტია „ახალციხე – საქართველოსთვის“ ფრაქციის თავმჯდომარეა, როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მზადაა დატოვოს ფრაქციის ხელმძღვანელის თანამდებობა და დაბრუნდეს იურისტად ბაღების გაერთიანებაში.