სააპელაციო სასამართლოში ბაღების გაერთიანების მიერ გასაჩივრებული საქმე, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ახალციხის ბაღიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, მარინე ლალუაშვილმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ლალუაშვილის ადვოკატი, ნინო დემეტრაძე ამბობს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილებას ლალუაშვილის სამსახურში არაღდგენის შესახებ არ ეთანხმება და ამ ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო განიხილავს.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას, ექვსი თვის წინ, სამსახურიდან გათავისუფლებული აღმზრდელის, მარინა ლალუაშვილის სამსახურში დაბრუნება და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურება დაავალა, აღნიშნული გადაწყვეტილება ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლომ დაწესებულების საჩივარი მხოლოდ ერთ პუნქტში დააკმაყოფილა.
„რა თქმა უნდა გავასაჩივრეთ აპელაციის გადაწყვეტილება უზენაესში და ველოდებით საქმის წარმოების მიღებას. აპელაციაში მხოლოდ ერთი პუნქტი არ დაკმაყოფილდა სამსახურში აღდგენის და მხოლოდ ამ ერთ პუნქტის ნაწილში გავასაჩივრეთ“,- ამბობს ნინო დემეტრაძე.
N1 ბაგის აღმზრდელი, მარინე ლალუაშვილი სამსახურიდან 2021 წლის ივნისში გაათავისუფლეს, გათავისუფლებამდე ოთხი თვით ადრე კი საყვედური გამოუცხადეს.
მარინე ლალუაშილი მესამე გათავისუფლებული თანამშრომელია, ვინც ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას სასამართლოში უჩივის. გასულ წელს საჩივრით სასამართლოს მიმართა ა(ა)იპ-ის იურისტმა მარინა აბულაძემ და ვალეს N1 საბავშვო ბაღის გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, ლატავრა ჯანაშვილმა.