ბორჯომში, სადაც დღეს, 28 მარტს, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე იმპიჩმენტის წესით გადააყენეს, საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ მოადგილის, ასევე “პატრიოთა ალიანსის” წევრის, გიორგი გოგიჩაიშვილის კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ზაზა ჩაჩანიძის ნაცვლად, გიორგი გოგიჩაიშვილი უძღვებოდა დღეს იმ სხდომას, რომელზეც იმპიჩმენტის საკითხი განიხილეს. გოგიჩაიშვილი ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა განიხილება საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე. იგი არ ამხელს, იყო თუ არა მომხრე ზაზა ჩაჩანიძის გადაყენების. გოგიჩაიშვილი არც იმ კითხვას პასუხობს, თუ მისი კანდიდატურა განიხილებოდა საკრებულოს ხელმძღვანელად და თავად ამ შეთავაზებას იღებს, მაშინ რატომ არ მოაწერა ხელი იმ განცხადებას, რომლითაც ჩაჩანიძის იმპიჩმენტი მოითხოვეს. შეგახსენებთ, 21 მარტს შესულ განცხადებას “ქართული ოცნების” 13 და “პატრიოტთა ალიანსის” ორი დეპუტატი აწერდა ხელს.
“ქართული ოცნების” დეპუტატებმა ჯერ არ იციან, დაუჭერენ თუ არა მხარს გოგიჩაიშვილის კანდიდატურას. ამ ეტაპზე ისინი არც იმაზე საუბრობენ, თავად დააყენებენ თუ არა თავმჯდომარის პოზიციაზე თავიანთ თანაგუნდელს.
დღევანდელ სხდომას, “ქართული ოცნების” სრული შემადგენლობის გარდა, უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის 8 თანაგუნდელი ესწრებოდა. მათ შორის, ვიოლეტა ბალახაშვილი. იგი ამბობს, რომ თავმჯდომარის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა. მისი აზრით, ზაზა ჩაჩანიძე საკრებულოს კარგი ხელმძღვანელი იყო და სხდომაზე ყველა საკითხი წარმატებით გადიოდა: “ერთადერთი საკიხთი, რაზეც კრიზისი შეიქმნა, იყო ხელაფსები და არ მგონია, რომ ამის გამო მისი იმპიჩმენტი უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში”.
ვიოლეტა ბალახაშვილი ამბობს, რომ, თუ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი გოგიჩაიშვილს დააყენებენ, მას მხარს დაუჭერს.
იმ ორი მოწინააღმდეგიდან, რომლებმაც ჩაჩანიძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს, მეორე, ასევე “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ფირან გოგიჩაიშვილი იყო.
შეგახსენებთ, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას სხდომაზე დამსწრე 21 დეპუტატიდან, 19-მა მისცა ხმა. ამ 21–ს შორის, 13 “ქართული ოცნების” და 8 “პატრიოტთა ალიანსის” წევრი იყო. სხდომას არ დასწრებიან საკრებულოს სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები: “ნაციონალური მოძრაობის” ორი, “ლეიბორისტების” ერთი და “ევროპული საქართველოს” ერთი წარმომადგენელი.
იმპიჩმენტის საკითხის შემდეგ, დღეს დეპუტატებს კიდევ ორი საკითხი უნდა განეხილათ – მერიის თანამშრომლების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები და “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნა. მას შემდეგ, რაც ჩაჩანიძე გადააყენეს, დეპუტატებმა სხდომა დახურეს. შემდეგ კი მედიისთვის განმარტეს, რომ დახურულ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ორ საკითხს მაშინ განიხილავენ, როდესაც საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.
როდის განიხილება საკრებულოს თავმჯდომარის საკითხი, ამ ეტაპზე, უცნობია. დღეს საკრებულოში განმარტეს, რომ სხდომას, რაც შეიძლება, მალე დანიშნავენ.
რა პოზიცია აქვს მომხდარზე უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს, უცნობია. მისი კაბინეტი დაკეტილია. როგორც მისმა მდივანმა განაცხადა, იგი დღეს სამსახურში არ მისულა.