ბორჯომში მეტროს და აეროპორტების დასუფთავების მოსაკრებელია დადგენილი

479

ბორჯომის საკრებულოს მეტროპოლიტენის სადგურებისა და აეროპორტებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი აქვს დაწესებული, მათ შორის, ცალკეულ დაბებსა და სოფლებშიც. ამის შესახებ Reginfo წერს.

საკრებულოს დადგენილება 2013 წლის 7 ივნისს აქვს მიღებული. მას შემდეგ დოკუმენტი 7-ჯერ შეიცვალა, თუმცა ეს მოსაკრებელი დღემდე არ არის გაუქმებული.

ბორჯომის საკრებულოს 2013 წლის 7ივნისის №16 დადგენილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მდებარე მეტროპოლიტენის სადგურებსა და აეროპორტებს“ დასუფთავების მოსაკრებლის სახით 1 კვ.მ ღია ფართობზე თვეში 1 თეთრის, დახურულ ფართობზე კი 9 თეთრის გადახდა დაევალათ.

ცალკე ტარიფია განსაზღვრული დაბა ახალდაბაში, დაბა ბაკურიანში, დაბა წაღვერში და 4 სოფელში (ყვიბისი, ცემი, ტბა, სადგერი) „მდებარე, ვაგზლების, აეროპორტებისა და მეტროპოლიტენის სადგურებისთვის“. ამ დასახლებებში მოსაკრებლის ოდენობა ყოველ 1 კვ.მ-ზე 1 თეთრს შეადგენს.

Reginfo-ს ცნობით, დადგენილების დანართებში მითითებული ობიექტების ნუსხა ბორჯომის საკრებულომ, სავარაუდოდ, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის დადგენილების ტექსტიდან მექანიკურად გადააკოპირა.

28 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხაშურის და ხულოს საკრებულოებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მეტროსადგურებსა და აეროპორტებში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება და შესაბამისი ტარიფები აქვთ დადგენილი.

5 მარტს კი თელავის თემის საკრებულოს წევრებმა, სოფელ იყალთოში 2017 წლის 18 აგვისტოს განაშენიანების გეგმა დაამტკიცეს, რომლის მიხედვითაც მეტროსთან ჯიხურების განთავსება აიკრძალა, თუმცა იყალთოში მეტრო არ არის.