ხაშურის და ხულოს საკრებულოებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებსა და აეროპორტებში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება და შესაბამისი ტარიფები აქვთ დადგენილი. წინა მოწვევის საკრებულოების მიერ მიღებული ორივე სამართლებრივი აქტი დღემდე მოქმედია. ინფორმაციას reginfo.ge ავრცელებს.
ხულოს საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მეტროპოლიტენის სადგურები და აეროპორტები ვალდებული არიან 1მ3 ნარჩენზე წელიწადში 6 ლარი გადაიხადონ.
ხაშურის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №8 დადგენილებით კი იგივე ტიპის ობიექტებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა 1 მ2 ფართობზე თვეში 4 თეთრით არის განსაზღვრული.
დადგენილების დანართებში მითითებული ობიექტების ნუსხა, ხაშურის და ხულოს საკრებულოების მიერ, სავარაუდოდ, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებიდან შაბლონურად არის გადატანილი.
მიუხედავად იმისა, რომ დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების ადმინისტრირება სისტემატურად მიმდინარეობს, არცერთ ზემოაღნიშნულ საკრებულოს მეტროსადგურებსა და აეროპორტებში დადგენილ მოსაკრებლებთან დაკავშირებით დღემდე არცერთი ცვლილება არ განუხორციელებია.