ახალციხეში ვეტერანები მერის მიერ საცხოვრებლად შეთავაზებულ ფართებს იწუნებენ

707

წინა სტატია

სადავო შენობაში შესახლებული ვეტერანები აცხადებენ, რომ ახალციხის მერიის მიერ შეთავაზებული სამივე ფართი საცხოვრებლად არახელსაყრელია. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ახალციხეში, სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულმა ვეტერანებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თვითნებურად დაკავებული შენობა უნდა დატოვონ. ვიდრე ვეტერანები მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებენ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა მათ სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა. მათ შორის ორი ვალეში, ე.წ. მეორე შახტაში და ქალაქ ვალეში პროფესიული სასწავლებლის ყოფილი შენობა, მესამე კი ახალციხეში, უსახლკაროთა თავშესაფარი, რომელიც წლების წინ აშენდა და ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.

„მერიაში დამლაგებლად ვმუშაობ, გათენებული არაა, სამსახურში რომ მივდივარ–ხოლმე. აქ კიდევ ერთი ქალი ფურნეში მუშაობს და სულ ღამე დადის. ან ის როგორ ივლის ვალიდან. სამსახურებიც რომ არ იყოს, ბავშვები იქიდან სკოლაში როგორ ვატარო?!“ – ამბობს შუშანა კოპაძე.  შეკითხვაზე, რატომ არ შეიძლება, რომ ბავშვებმა ვალის სკოლაში იარონ, კოპაძე გვპასუხობს: „ჩემი გოგო უკვე მეთორმეტე კლასშია და ძალიან გაუჭირდება. არ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ქალაქის ცენტრში ვიყოთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, აქვე გავდივართ, ქუჩას ვგვით თუ რაღაცას ვაკეთებთ, ტრანსპორტის გარეშე სახლში ვბრუნდებით“.

რაც შეეხება ახალციხეში შეთავაზებულ უმწეოთა თავშესაფარს, ვეტერანები ამბობენ, რომ აქ ცხოვრება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. „ის დროებით თავშესაფრადაა გაკეთებული, რკინის ყუთებია, ზამთარშიც და ზაფხულშიც გაუსაძლისი იქნება იქ ცხოვრება. თან საკმაოდ მოშრებულია ქალაქიდან და გზაც არ მიდის“, – ამბობს ინგა ზაზაძე.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რომ მერიის შეთავაზებაზე უარი თქვან, გვპასუხობს: „არ გამოვრიცხავთ, რომ სამივე შეთავაზებულ ფართზე უარი ვთქვათ“. ვეტერანები აცხადებენ, რომ ფიზიკურად სამივე დასახელებულ ფართში ცხოვრება გაუჭირდებათ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შენობა რომელიც ახლა უკავიათ ავარიულია და წყალი ჩადის, მერიის შეთავაზებულ ფართებს ურჩევნიათ.

სამივე შეთავაზებული ფართი რომ საცხოვრებლად შეუსაბამოა, ამაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსი დავით ფეიქრიშვილიც საუბრობს.