ახალციხის მერმა ვეტერანებს, რომლებიც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო შენობიდან უნდა გამოასახლონ, საცხოვრებელი ფართები შესთავაზა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ვეტერანების ოთხ ოჯახს, დღეს 23 თებერვალს მერიაში შეხვდა. მან სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულებს საცხოვრებელი ფართები ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში, ასევე ქალაქ ვალეში პროფესიული სასწავლებლის ყოფილ შენობაში და ახალციხეში, უსახლკაროთა იმ თავშესაფარში შესთავაზა, რომელიც წლების წინ აშენდა, თუმცა ამ დრომდე უფუნქციოდაა.
„მიუხედვად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ჩვენ ღია ცის ქვეშ ვერ დაგტოვებთ. ამიტომ მოვიკვლიეთ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართები, სადაც ცხოვრების უფლებას მოგცემთ. არცერთია ქალაქის ცენტრში, თუმცა ჩვენ სხვა ალტერნატიული ფართი არ გვაქვს. ყველა ეს შენობა მოვიარე და საცხოვრებლად ნორმალური პირობებია“,–განუცხადა ზაზა მელიქიძემ ვეტერანებს.
ამასთან ერთად, მელიქიძემ ვეტერანებს თავიანთი სურვილის მიხედვით სოფლებში ფართის მოკვლევაც შესთავაზა.
ვეტერანები აცხადებენ, რომ მერის შეთავაზებაზე ამ წუთში პასუხი არ აქვთ, და გადაწყვეტილებას ერთობილვად მიიღებენ. თუმცა, ყველა მათგანი აქცენტს იმაზე აკეთებეს, რომ შეთავაზებული სამივე ალტერნატიული ფართი ქალაქის ცენტრიდან მოშორებულია. რა ფორმით გადასცემს მერია ვეტერანებს საცხოვრებელ ფართს, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
22 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ 17 აპრილს ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ოთხ ოჯახს ახალციხეში, იბერიის ქუჩაზე N17-ში მდებარე სკოლის ყოფილი შენობიდან გამოასახლებენ.