სააპელაციომ ახალციხეში ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო

694

წინა სტატია

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 17 აპრილს ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ოთხ ოჯახს ახალციხეში, იბერიის ქუჩაზე N17-ში მდებარე სკოლის ყოფილი შენობიდან გამოასახლებენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

როგორც ვეტერანების ადვოკატი კახა მათოშვილი ამბობს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებენ: „დაახლოებით ორი წელი მაინც ვერ დაატოვებინებენ ამ შენობას ვეტერანებს, რადგან უზენაესმაც რომ ძალაში დატოვოს ეს გადაწყვეტილება, შემდეგ ამის აღსრულებას მინიმუმ წელიწადი დასჭირდება“.  მათოშვილის თქმით, სადავო შენობაში მცხოვრებ ოთხ ოჯახს თავშესაფარი არ აქვს: „მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად როგორ დატოვებს ქუჩაში სახელმწიფო ამ ადამიანებს, არ ვიცი. ელემენტარულ თავშესაფარს ითხოვენ, თუმცა, ამ დრომდე მათი დაკმაყოფილება არ მოხდა“.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანები ახალციხის მერს თავშესაფარს სთხოვდნენ, თუმცა, იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში შესაბამისი ფართი არ არსებობს, მერიამ მათ დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა-ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს ცხრა ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა, ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

ახალციხის მერიამ ვეტერანების სკოლის შენობიდან გამოსახლება სასამართლოს გზით მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მერიის საჩივარი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ვეტერანებმა გაასაჩივრეს. ისინი ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.