სახელმწიფო აუდიტის ჯგუფმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული მსუბუქი ავტომობილების ინვენტარიზაცია ჩაატარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ საკუთრებაში არსებული 2 ავტომანქანა არ მოიძებნა. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია MITSUBISHI PAJERO 3500 V6/24V-სა და GAZ31029-ის მარკის ავტომანქანების მდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც უწყებამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
მისივე ცნობით, ამის გარდა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებულია 2010 წლის შემდეგ
ახლადშეძენილი 3 ავტომანქანა, მათ შორის, WOLKSKWAGEN PASSAT, რომელიც 2013 წელს დადებული თხოვების ხელშეკრულებით, გადაცემული ჰქონდა საქართველოს პარლამენტის წინა მოწვევის მაჟორიტარ დეპუტატს. 2 ავტომანქანას – KIA RIO-ს, 2012 და 2015 წლებიდან განკარგავდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები. აღნიშნულ პიროვნებებს მუნიციპალური ქონება გადაცემული ჰქონდათ სარგებლობის უფლებით და წარმოადგენდნენ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს.
უწყების ინფორმაციით, აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში ეს ავტომობილები მუნიციპალიტეტისათვის დაბრუნებული არ იყო. “პასუხისმგებელმა პირებმა წარმოადგინეს დოკუმენტაცია WOLKSKWAGEN PASSAT – ის დაბრუნების მოთხოვნით გაგზავნილი წერილების სახით, თუმცა, გატარებული ღონისძიებებით შედეგი არ დამდგარა”, – ვკითხულობთ დასკვნაში.
“5 ერთეული ავტომანქანა, რომელიც დაზიანებულია, ან არ მოიძებნა, თვითმმართველი ერთეულის საჭიროებისათვის არ გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ქონების/კომპენსაციის მიღების მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები არ გაუტარებია. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, ბალანსზე აღრიცხული 22 ავტომანქანა დაზიანებულია. ინვენტარიზაციის მასალებით, ეს სატრანსპორტო საშუალებები ჩათვლილია ექსპლუატაციისათვის უვარგისად. მიუხედავად ამისა, აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში, ქონება ჩამოწერილი არ იყო”, – წერს აუდიტის სამსახური.