მოვუწოდებ ყველა ქალაქის მერს, ამოიღეთ ხმა, დადექით ამ კაცის გვერდით – ანა ნაცვლიშვილი წალენჯიხის მერის მანქანის დაწვაზე

418

წინა სტატია

ის, რაც გუშინ მოხდა, აღიქმება როგორც მუქარა და თავდასხმა არა პერსონალურად გია ხარჩილავაზე, არამედ საქმიანობაზე, რასაც წალენჯიხაში წარმატებით და შემართებით ახორციელებს კოალიციური ადგილობრივი ხელისუფლება – ვერავის დააშინებენ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა წალენჯიხის მერის მანქანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მომხდარი არის ხარჩილავას საქმიანობის გამო განხორციელებული ქმედება და კოალიციურ ადგილობრივ ხელისუფლებაზე თავდასხმა.

„ვერავის დააშინებენ და ვერავის გააჩერებენ. პირიქით – დამარცხდებიან ამ სულისკვეთებასთან, რომ წალენჯიხაში განხორციელდეს რეალური ცვლილებები ხალხის საკეთილდღეოდ. ჩემთვის შემაშფოთებელია, რომ ამ დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტყვა ვერ დასცდათ ამ ტერორის აქტთან დაკავშირებით. მოვუწოდებ საქართველოს ყველა ქალაქის მერს, ამოიღეთ ხმა. აქ გია ხარჩილავას პარტიული ხაზებით გარჩევა არის ადამიანური სირცხვილი. ამოიღეთ ხმა და დადექით ამ კაცის გვერდით. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს – ამ ცალსახად ძალიან საშიში და საგანგაშო პრეცედენტის მიმართ ყველაზე მცირე კვალიფიკაციის მუხლით კი ნუ დაიწყეთ გამოძიება, არამედ ხარჩილავას მიმართ განხორციელებული ქმედება არის მისი საქმიანობის გამო განხორციელებული ქმედება, კოალიციურ ადგილობრივ ხელისუფლებაზე თავდასხმა და ძალიან დიდი ალბათობით, აქ არის პოლიტიკური მოტივი, ამიტომ ჩახედეთ სისხლის სამართლის კოდექსს და სრულყოფილი, ობიექტური გამოძიების სურათი შექმენით. ეს საქმე ასე მარტივად ვერ ჩაიფარცხება“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამით მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. მისივე თქმით, ფაქტი, დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.