სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რომლებსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად ჯამში 7 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა უნდა ჰყოლოდათ, 21 სამორიგეო ავტომანქანას განკარგავდნენ. საბალანსო მონაცემების მიხედვით კი, მუნიციპალიტეტი 50 ერთეულ მსუბუქ ავტომანქანას განკარგავს. აქედან, ფაქტობრივად არის 45 ავტომობილი, საიდანაც ვარგისია 23, – წერია აუდიტის დასკვნაში.
უწყების ცნობით, ავტომანქანები მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე გადაცემულია სამსახურისა და განყოფილების უფროსებისათვის, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისათვის, სპეციალისტისათვის და სხვა მოხელეებისთვის.
21 სამორიგეო და 2 პერსონალური ავტომანქანის გარდა, მუნიციპალიტეტი 2015 წელს საწვავს ყოველთვიურად გასცემდა საჯარო მოსამსახურეების სარგებლობაში არსებულ 70-დან 85 ავტომანქანაზე, ხოლო 2016 წელს – 60-დან 75 ავტომანქანაზე. საწვავი გამოეყოფოდა საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს, საკრებულოს
წევრებს, სპეციალისტებს, დაქირავებულ მოსამსახურეებს, გამგებლის წარმომადგენლებს და
სხვა.
უწყება ასევე, წერს, რომ ზოგიერთი თანამშრომელი, რომელსაც საწვავს აძლევდნენ, თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, მას სამსახურებრივი დანიშნულებით ვერ გამოიყენებდა.”მუნიციპალიტეტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებით. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ცალკეული თანამდებობის პირებისა და დაქირავებული მოსამსახურეების სამსახურებრივი დებულებები, ფუნქციები და სამუშაო ადგილის აღწერილობები. გაირკვა, რომ ზოგიერთი მათგანი მიღებულ საწვავს ვერ გამოიყენებდა სამსახურებრივი დანიშნულებით, რადგან როგორც წესი, ფუნქციონალურად არ უხდებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება და დავალებების შესრულება. ამდენად, მიღებული საწვავი მათთვის წარმოადგენდა დამატებით სარგებელს, შრომის ანაზღაურებასთან ერთად. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საწვავის მიმღები ასეთი
მოსამსახურე უნდა დაბეგრილიყო საშემოსავლო გადასახადით, რაც მუნიციპალიტეტის მიერ არ
ხორციელდებოდა”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
ჯამში, 2015-2016 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა საკუთარი მოხმარებისათვის დახარჯა 400
ტონამდე საწვავი, ღირებულებით 613.4 ათასი ლარი. ავტომანქანების ექსპლუატაციის, მოვლა- შენახვისა და სათადარიგო ნაწილების შეძენისათვის გადახდილია 88.2 ათასი ლარი. უწყების მტკიცებით, ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები მუნიციპალიტეტის მიერ გაწეულია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე.