გარდაბნის მუნიციპალიტეტმა სტუმრების გამასპინძლების ხარჯის – 49.8 ათასი ლარის მიზანშეწონილობა ვერ დაადასტურა

875

წინა სტატია

“2015-2016 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული 49.8 ათასი ლარის წარმომადგენლობითი
ხარჯის მიზანშეწონილობა დოკუმენტურად არ არის დადასტურებული. გამომდინარე აქედან, შეუძლებელია განისაზღვროს, რამდენად აუცილებელი და შედეგიანი იყო სტუმრების კვების ორგანიზება კონკრეტული ღონისძიების ფარგლებში და შეესაბამება თუ არა ამ ღონისძიების შედეგი გადახდილ საბიუჯეტო რესურსს”, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის  სამსახური ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის დასკვნაში წერს.

უწყების ცნობით, 2015-2016 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 50.4 ათასი ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი გასწია.

კანონმდებლობის შესაბამისად, წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს მიღებების, წვეულებებისა და ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, ოფიციალური სადილები და ა.შ.), საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, სუვენირების შეძენა/დამზადების, სატრანსპორტო მომსახურებისა და მგზავრობის, აგრეთვე, სასტუმროში მომსახურების ხარჯებს. მუნიციპალიტეტმა საბიუჯეტო მუხლის ძირითადი ნაწილი, კერძოდ, 49.8 ათასი ლარი, დახარჯა კვების ობიექტებში ოფიციალური სტუმრების გამასპინძლებისას. წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის პროცედურა და მასთან დაკავშირებით შესადგენი დოკუმენტაცია, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კონკრეტულად არ არის განსაზღვრული. მიუხედავად ამისა, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვის ვალდებულებიდან გამომდინარე, წარმომადგენლობითი ხარჯების მიზანშეწონილობა უნდა იყოს დოკუმენტურად სათანადოდ დასაბუთებული. აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია წარმომადგენლობითი ხარჯის მიზნობრიობის, მიღებული სტუმრების კატეგორიისა და რაოდენობის, ასევე ეტიკეტის შესაბამისად დამხვედრი მხარის შემადგენლობის შესახებ. არ არის შემუშავებული შიდა ინსტრუქცია/წესი, რომლის მიხედვითაც თანხები წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან გაიცემა. თანხები, ძირითადად, ანაზღაურდებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტებისა და სასაქონლო ზედნადებების წარმოდგენის საფუძველზე”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.