ზუგდიდის ყინულის მოედნისთვის 407 ათასი ლარი გამოიყოფა

970

ზუდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოიწონა ყინულის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი. პროექტის მიხედვით, მოედნის რეკონსტრუქციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 407 ათასი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, მოწონებული პროექტი წარედგინება მთავრობას, რათა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდეს.

საკითხის განხილვისას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძემ განაცხადა, რომ წინა საკრებულომ ყინულის სახლის რეკონსტრუქციისთვის ორჯერ გამოყო თანხა, ბოლო შემთხვევაში კი საუბარი იყო 150 ათას ლარზე და მიუხედავად ამისა, ეს დაწესებულება დღემდე არ არის გახსნილი. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, არაერთხელ დასვეს კითხვები სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩამტარებელი კომპანია „გილანის“ მისამართით, თუმცა ისინი დღემდე პასუხგაუცემელია. მის შეკითხვას საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. მამუკა წოწერიას განცხადებით, ჩატარდა დეტალური ექსპერტიზა, დამატებით თუ რა სახის სამუშაოები და ტექნიკაა საჭირო ყინულის სახლის სრულყოფილად ასამუშავებლად. რაც შეეხება ხარისხის გარანტიას, მისი თქმით, სამშენებლო პროცესს კონტროლს გაუწევს ზედამხედველობის კომპანია.საკრებულოს თავმჯდომარის სიტყვებით, კომპანიის ზუგდიდში შემოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მშენებლობების ხარისხი.

ზუგდიდის ყინულის მოედანი წლებია არ ფუნქციონირებს. მერიის ეკონომიკისა და ინფარსტრუქტურის განვითარების სამსახურში დეკემბერში განაცხადეს, რომ მოედანი იანვარში გაიხსნებოდა. დაწესებულების აღდგენითი სამუშაოებისთვის 2017 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 ათასი ლარი გამოიყო.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 6 მილიონ 640 ათასი ლარით გაიზარდა. 2018 წელს ზუგდიდი რეგფონდიდან გამოყოფილი 6.3 მილიონიდან ქალაქში მხოლოდ 1.7 მილიონ ლარს დახარჯავს.