2018 წელს ზუგდიდში 18 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება – ამისათვის მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 6 339 675 ლარს მიიღებს. 18 პროექტიდან ქალაქ ზუგდიდში მხოლოდ 4 პროექტი განხორციელდება, რაზეც გამოყოფილი 6 მილიონიდან 1 730 044 ლარს დახარჯავს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხა, ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
კერძოდ, დაგეგმილია კოკი-ორსანტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი, რისთვისაც რეგფონდიდან 542,377 ლარია გამოყოფილი. ამავე ფონდიდან დიდინეძის ადმინისტრაციულ ერთეულში დიდინეძი-კახათის გზის მეორე ეტაპისთვის 722,423 ლარია გათვალისწინებული.
ასევე, გეგმაშია დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში დარჩელი-ორსანტიის დამაკავშირებელი გზის მეორე ეტაპის სამუშაოებიც, რისთვისაც რეგონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 664,823 ლარი დაიხარჯება, ხოლო ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპისთვის 193,800 ლარია გამოყოფილი. ანალოგიური სამუშაო ჩატარდება ცაიშისა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულებში (კურორტის მონაკვეთი), რისთვისაც 415,150 ლარია გათვალისწინებული.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში დაგეგმილია ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი – ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 380,000 ლარია გამოყოფილი.
გარდა ამისა, ზუგდიდში, N2 საბავშვო ბაღის მშენებლობა 278,094 ლარით დაფინანსდება.დაგეგმილია საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაც, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475,000 ლარი მოხმარდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე, მოიცავს სანიაღვრე წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა-მოწესრიგებას (გორგასლის ქუჩა, რუსთაველის, თამარ მეფის ქუჩა), რისთვისაც რეგფონდმა 475,000 ლარი გაითვალისწინა.
ასევე 2018 წელს მოეწყობა კ. გამსახურდიას ქ. N213,215 და სოხუმის ქ. N73-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები, რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 501,950 ლარით დაფინანსდება.
გარდა ამისა, აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების მოწყობის დამატებით სამუშაოებზე რეგფონდიდან 123,500 ლარი დაიხარჯება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის გეგმაშია ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზიდან, ნაცატუს მიმართულებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რისთვისაც 195,700 ლარია გამოყოფილი.
ანალოგიური სამუშაო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, კოსტავას ქუჩაზე შესრულდება – ამისათვის რეგფონდში 237,500 ლარია გათვალისწინებული. ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის (წერეთლის ქუჩის) რეაბილიტაციის მეორე ეტაპი კი ამავე ფონდიდან 264,100 ლარით დაფინანსდება.
ასევე, საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოქტომბრის ცენტრიდან, ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის, ახალკახათის გავლით (ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზამდე), რასაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 313,500 ლარი მოხმარდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულში გაგრძელდება, სადაც ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მოხდება (მეორე ეტაპი) – ამისათვის რეგფონდიდან 237,500 ლარია გამოყოფილი.
ამავე ფონდიდან 149,645 ლარით დაფინანსდება ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭავჭავაძისა და ტაბიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მოწყობა. ოფაჩხაფუს ადმინისტრაციულ ერთეულში, ნარაზენის ცენტრალური გზიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე კი 169,613 ლარი დაიხარჯება.