ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 6 მილიონ 640 ათასი ლარით გაიზარდა

906

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 6 მილიონ 640 ათასი ლარით გაიზარდა. მ ეტაპზე გაზრდილი ბიუჯეტი 45 მილიონ 900 ათას ლარს შეადგენს. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.

თანხა რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან გადმოირიცხა და მეტწილად სოფლებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უნდა მოხმარდეს. საუბარია გზების და წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მოიწონეს ის პროექტები, რომლებიც ფონდიდან გადმორიცხული თანხებით უნდა შესრულდეს.

სოფლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, ამავე რესურსით ზუგდიდში მოხდება ჭადრაკის სასახლის რეკონსტრუქცია, რისთვისაც გათვლილია 475 ათასი ლარი და ასევე მეორე საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლისთვისაც წელს 240 ათასი ლარი დაიხარჯება. საერთო ჯამში სამუშაოებისთვის მილიონ 100 ათასია ლარია გათვლილი.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, ამ ოდენობის თანხა დასჭირდა ბაღს, რადგან შენობა თავიდან არის ასაშენებელი. მისი სიტყვებით, მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს საბავშვო ბაღის პროექტის ექსპერტიზა და შესაძლებელია გარკვეული კორექტირებები შევიდეს, სამუშაოები კი მხოლოდ ამ პროცესების დასრულების შემდეგ დაიწყება.

საკრებულოს სხდომაზე საბავშვო ბაღების სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით შენიშვნა გამოთქვა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ. ანა წითლიძის თქმით, ორ საბავშვო ბაღში, მათ შორის მეოთხე ბაღში პროექტის შედგენისას გამოიკვეთა პრობლემები, რამაც მშენებლობის შეჩერება გამოიწვია. ის დაინტერესდა, რა სანქიები დაეკისრება ამ საკითხზე პასუხისმგებელ კომპანიას და ამჯერად რა მექანიზმები არსებობს მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

მისივე ინფორმაციით, რეალურად მეოთხე საბავშვო ბაღის ტერიტორიით, რომელიც დადიანების ეზოს სიახლოვეს არის, დაინტერესებული არიან გუბერნატორი და ვიცე-მერი. მანვე სხდომაზე აღნიშნა, რომ საუბარია ამ ტერიტორიების სამომავლოდ გასხვისებაზე.

ენმ-ის წარმომადგენელს პასუხი საკრებულოს თავმჯდომარემ გასცა. მამუკა წოწერიას განცხადებით, მეოთხე ბაღის შემთხვევაში კომპანიამ მშენებლობისას აღმოაჩინა, რომ შენობის საძირკველი მძიმე მდგომარეობაშია და არ ექვემდებარება რეკონსტრუქციას. წოწერიას სიტყვებით, ამის გამო შეწყდა ტენდერი და კომპანიას აუნაზღაურდა მხოლოდ ჩატარებული სამუშაოების ღირებულება.

რაც შეეხება ტერიტორიის გასხვისებას, საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ მსგავსი ინფორმაცია მას არ აქვს. სამშენებლო სამუშაოების ხარისხიანად ჩატარებასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ ამის გარანტიას იძლევა ის ზედამხედველი კომპანია, რომელიც მუნიციპალიტეტმა იქირავა მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. მამუკა წოწერიას მტკიცებით, მშენებლობის ხარისხი სწორედ მისი გამოჩენის შემდეგ გაუმჯობესდა. საკრებულოს თავმჯდომარეს შეკითხვა დაუსვა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ბათლომე შელიამ. დაინტერესდა, რატომ დასჭირდა 475 ათასი ლარი ჭადრაკის მცირე ზომის სასახლის რეკონსტრუქციას.

მამუკა წოწერიამ განმარტა, რომ აქ საუბარია არა რემონტზე, არამედ დამატებით მეორე სართულის დაშენებაზე.