გედევან ფოფხაძე: ბორჯომის საკრებულოს წევრებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა დამოკიდებულება ექნებათ „ანტიოცნებურ“ კოალიციასთან

996

წინა სტატია

ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოში არსებულ მდგომარეობას ეხმიანება. ფოფხაძის თქმით, საკრებულოს პოლიტიკურ თამაშებში „ქართული ოცნება“ მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ფოფხაძის თქმით, საკრებულოს წევრებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ რა დამოკიდებულება ექნებათ იმ „ანტიოცნებურ“ კოალიციასთან, სადაც გაერთიანებულები არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“  და „ლეიბორისტული პარტია“.

„საკრებულოს წევრთა ჩვენი ნაწილი ამ მოცემულობას უბრალოდ აფიქსირებს. მათი პოზიციაა, რომ იმ საკრებულოში, სადაც კოალიციამ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პროცესის მიღმა თავიდანვე გამოაცხადა, პასუხისმგებლობა  ყველა საკითხზე თავად აიღოს. თუ კომისიები და თანამდებობები გადაინაწილეს, პასუხისმგებლობებიც უნდა აიღონ. ხალხის მიერ არჩეულ მერსა და მის პოზიციას მხარს ვუჭერ, მაგრამ საკრებულოს პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას   „ქართული ოცნება“  არ მიიღებს“, – აღნიშნავს ფოფხაძე

დეპუტატის განცხადებით,  კოალიცია ბორჯომის საკრებულოს სხდომებზე კვორუმს შეგნებულად არ ავსებს

„პირადად მე, ბორჯომის საკრებულოში ოპოზიციონერი ვიყავი და 2010 წელს ოპოზიციაც ჩამოვაყალიბეთ. იმის პრობლემა არასდროს არ მქონდა, რომ ვინმესთან კონკრეტულ საკითხებზე გვეთანამშრომლა. თუ ნაციონალი შეიძლება „პატრიოთა ალიანსთან“ გაერთიანდეს და ერთი საქმე აკეთოს, რატომ არ შეიძლება, „ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლოს? რეალურად, მათ უნდათ, მერის პოლიტიკა შანტაჟის გზით აკონტროლონ, რაზეც „ქართული ოცნება“ ვერ წავა. ვიმედოვნებ, რომ საზოგადოების აზრის ზეწოლისა და იმ მოცემლობის გათვალისწონებით, რაც ბორჯომშია, საკრებულოში ადამიანები გამოჩნდებიან, რომელთა საღი აზრი უფრო იმძლავრებს და პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებენ.  13 ადამიანს საკრებულოს მუშაობის რეჟიმში უთხრეს, რომ მათ არანაირი პოზიცია არ ექნებათ და  უბრალოდ კვორუმი უნდა შეავსონ. კვორუმის შესრულების როლს არცერთი პოლიტიკოსი და სუბიექტი არ აიღებს. თუ მივდივარ, ჩემი აზრიც უნდა იყოს გათვალისწინებული. მათი პოლიტიკური თამაშის ნაწილი ისიცაა, რომ კვორუმს თვიოთონ აგდებენ, რადგან 15 წარმომადგენელი ჰყავთ“, – განაცხადა ფოფხაძემ.

“სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, ორ კვირაში, 31 იანვრიდან დღემდე, ბორჯომში კვორუმის არარსებობის გამო, ხუთჯერ არ შედგა საკრებულოს სხდომა, რომელზეც ერთ–ერთ საკითხად ხელფასების ოდენობები უნდა განეხილათ. ამის გამო, თვითმმართველობის 125 თანამშრომელს დღემდე არ აუღია იანვრის ხელფასი.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მან ბორჯომის საკრებულოს კრიზისში ჩარევა არ გამორიცხა.