ირაკლი კობახიძე ბორჯომის საკრებულოს კრიზისში ჩარევას არ გამორიცხავს

629

წინა სტატია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდება. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“მე, როგორც პარტიული ლიდერი დავინტერესდები ამ საკითხით. მიზანი არის ის, რომ მუნიციპალიტეტის განვითარება არ შეფერხდეს, ბორჯომის მოსახლეობა იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი იმ მომსახურებებით, რომლებიც მიეწოდება მუნიციპალიტეტის მხრიდან. თუ არის საჭირო ჩარევა, ამ შემთხვევაში ჩავერევით პოზიტიური კუთხით რომ მოგვარდეს”, – განაცხადა კობახიძემ.

ბორჯომის საკრებულოს სხდომა დღეს კვორუმის არარსებობის გამო ისევ გადაიდო. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმარველობის შედეგად დაკომპლექტებულმა ბორჯომის საკრებულომ დღემდე ვერცერთი სხდომა ისე ვერ გამართა, რომ მას ყველა დეპუტატი დასწრებოდა.

ბორჯომში საკრებულოს ბოიკოტს „ქართული ოცნების“ დეპუტატები უცხადებენ. ოპოზიცია კი, თავის მხრივ, მერიას საშტატო ნუსხასა და ხელფასების გაზრდილ ოდენობას არ უმტკიცებს.

ამის გამო, ამ წელში ბორჯომის თვითმმარველობის 125 თანამშრომელს ჯერ ხელფასი არ აუღია.