ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ისევ კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. 28 დეპუტატიდან სხდომას ისევ 14 ესწრებოდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
საკრებულო მიმდინარე თვის მე-4 ოთხშაბათს, ანუ 28 თებერვალს შეიკრიბება. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ მანამდე რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნოს.
საკრებულოს სხდომა გუშინაც იყო დანიშნული, თუმცა ვერ შედგა.
დღის წესრიგში 27 საკითხია შეტანილი, აქედან ერთ-ერთი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის საკითხია.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმარველობის შედეგად დაკომპლექტებულმა ბორჯომის საკრებულომ დღემდე ვერცერთი სხდომა ისე ვერ გამართა, რომ მას ყველა დეპუტატი დასწრებოდა.
ბორჯომში საკრებულოს ბოიკოტს „ქართული ოცნების“ დეპუტატები უცხადებენ. ოპოზიცია კი, თავის მხრივ, მერიას საშტატო ნუსხასა და ხელფასების გაზრდილ ოდენობას არ უმტკიცებს.
ამის გამო, ამ წელში ბორჯომის თვითმმარველობის 125 თანამშრომელს ჯერ ხელფასი არ აუღია.