ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო ფესტივალის „ღვინის დღეები საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო

1197

წინა სტატია

შემდეგი სტატია

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფესტივალის „ღვინის დღეები საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

“თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან გამომდინარე, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფესტივალის „ღვინის დღეები საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო.

ვიზიარებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონშივ. მცხეთის მერიის გადაწყვეტილებით, “მცხეთობა-სვეტიცხოვლობის” სახალხო-სადღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა.

ცნობისთვის, შადრევანი, რომელმაც 13 ოქტომბერს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ 12 ოქტომბერს გახსნა. ასევე, საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი მოზარდი. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო კი, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე უკვე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული და მერიის სამსახურის მიერ არაერთხელ დატესტილი.

პოლიტიკოსები და მოქალაქეების ნაწილი, ვაკის პარკში 13 ოქტომბერს დატრიალებული ტრაგედიის გამო, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვს.

ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.