მცხეთის მერიამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო “მცხეთობა-სვეტიცხოვლობას” დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა

430

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ქალაქ თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთაში დაანონსებულ მცხეთობა-სვეტიცხოვლობის სახალხო-სადღესასწაულო ღონისძიებებს აუქმებს და მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას”, – ნათქვამია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ დიმიტრი ზურაბიშვილის სამძიმარში.

ცნობისთვის, შადრევანი, რომელმაც 13 ოქტომბერს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ 12 ოქტომბერს გახსნა. ასევე, საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი მოზარდი. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო კი, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე უკვე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული და მერიის სამსახურის მიერ არაერთხელ დატესტილი.

პოლიტიკოსები და მოქალაქეების ნაწილი, ვაკის პარკში 13 ოქტომბერს დატრიალებული ტრაგედიის გამო, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვს.

ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.