„ქრონიკა“ ვაკის პარკის უფროს მებაღეს დევი მეზურნიშვილს ესაუბრა, რომელმაც გუშინ დატრიალებული ტრაგედიის დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, თავადაც ეშინოდა, თუმცა, მოზარდების ამოყვანა მაინც გაბედა.
„ბევრი ხალხი მოძრაობდა. ბავშვების ხმაური და ჟრიამული ისმოდა. უამრავი ადამიანი მოძრაობს ყოველდღიურად. დაახლოებით, შუა ადგილზე ვიდექით, ვმუშაობდით, როდესაც ყვირილი გავიგე და შველას ითხოვდნენ. ბავშვები ვერ გამოდიანო, გამოვიქეცი და რომ მოვედი, დავინახე, რომ იქ იყვნენ ჩაძირულები. მე არც გამიფიქრია, რომ აქ დენი იყო მაგ დროს, ჩავედი, ერთი გამოვიყვანე, მეორე ძლივს გამოვიყვანე, კინაღამ მეც იქ დავრჩი დენის გამო. მესამედ რომ ჩავედი, ბოლომდე ვეღარ მივდიოდი, მესამე ბოლოში იყო ჩაძირული. ამ ყვირილზე შადრევანიც გაითიშა. გამოვიყვანე მესამეც, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. თავიდან რომელიც გამოვიყვანე, ცოტა გონზე იყო, მეორე უგონოდ იყო და საერთოდ არ სუნთქავდა, მაგრამ ნელ-ნელა გამოვიდა. გოგოსაც [მარიტა მეფარიშვილი] ყველაფერი გავუკეთეთ, ხალხიც ცდილობდა მის გადარჩენას, სასწრაფოც მალე მოვიდა, გადაიყვანეს, თითქოს იმედიც იყო, რომ გადარჩებოდა“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.
https://www.facebook.com/watch/?ref=external&v=640796094119328
ცნობისთვის, შადრევანი, რომელმაც 13 ოქტომბერს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ 12 ოქტომბერს გახსნა. ასევე, საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი მოზარდი. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო კი, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე უკვე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული და მერიის სამსახურის მიერ არაერთხელ დატესტილი.
პოლიტიკოსები და მოქალაქეების ნაწილი, ვაკის პარკში 13 ოქტომბერს დატრიალებული ტრაგედიის გამო, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვს.
ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.