მარნეულში აივნების ჩამონგრევის შემდეგ მოსახლეობა ავარიულ კორპუსში დაბრუნდა

359

წინა სტატია

65 დღეზე მეტია, რაც მარნეულში ნარიმანოვის ქუჩაზე N1 საცხოვრებელი კორპუსის ორი აივანი ჩამოინგრა, რასაც ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. N1 საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის აივანი 26 ივნისს ჩამოინგრა, რასაც მეოთხე სართულის აივნის ნგრევაც მოჰყვა. შემთხვევის შემდგომ მარნეულის მერიამ მოქალაქეები სასტუმროში გადაიყვანა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

აივანჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობა ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისწავლა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობას გამაგრებითი სამუშაოები ესაჭიროება. მიუხედავად ამისა, კორპუსის მაცხოვრებლები კვლავ თავიანთ ბინებში დაბრუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდგომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საცხოვრებელი კორპუსის სახურავისა და აივნების რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენისათვის 14 160 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოაცხადა.

კორპუსის მაცხოვრებლის, აკიფ მამედოვის დედა აივნების ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა. მემედოვი იხსენებს, რომ უბედური შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა. როგორც მემედოვი აცხადებს, კორპუსი სასწრაფოდაა გასარემონტებელი, რადგან აივნების გარდა ცუდ მდგომარეობაშია სარდაფი, კიბეები და სახურავიც.

“მერიიდან სამძიმარზე მოვიდნენ და მას შემდეგ არ მოსულან. ერთხელ მოვიდნენ, აივანი და სახლი შეამოწმეს, რაღაცები დაწერეს და თქვეს, რომ ერთ თვეში დავიწყებთო გარემონტებას და უკვე ორი თვეა რაც გავიდა, მაგრამ სამუშაოები არ დაწყებულა. სარდაფი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და სახურავიც. სახურავზეც პრობლემები იყო. მეხუთე სართულის მოსახლეობა ამბობდა, რომ წყალი ჩამოსდიოდათ და იმასაც გარემონტება სჭირდება. ახლა სადარბაზოც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ჩვენც უხერხულ მდგომარეობაში ვართ, არ ვიცით რა იქნება. ყოველ დღე ამ კიბეებზე დავდივართ, მაგრამ დანგრეული რომაა ჩვენც გვეშინია”, – აცხადებს აკიფ მამედოვი

ნარიმანოვის N1 კორპუსში ცხოვრობს ავა მისაევაც. აივნების ჩამონგრევის შემდეგ ოჯახები სასტუმროებში გადაიყვანეს, მაგრამ რამდენიმეკვირიანი ლოდინის შემდგომ, ავარიულ საცხოვრებელ სახლში დაბრუნება თავად გადაწყვიტეს.

„მერმა თქვა რომ სამუშაოებს სექტემბრიდან დაიწყებდნენ. სახურავს და აივანს გააკეთებდნენ, მაგრამ ჯერ არავინ მოსულა და არ უკითხავს როგორ ვცხოვრობთ, რას ვაკეთებთ. ყველაზე მთავარია, რომ სახურავი და აივნებია სასწრაფოდ გასაკეთებელი. ზამთარი მოდის, სიცივეები და წვიმები იქნება და შეხედეთ, როგორ ცუდ მდგომარეობაშია აივნები. გარეთ დაჯდომის გვეშინია, მაღლიდან ქვები ცვივა“, – ამბობს ავა მასიევა.

რადიო მარნეულთან საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე როინ დეკანოიძემ განაცხადა, რომ მერიას გადაწყვეტილი აქვს კაპიტალური რემონტი ჩაუტაროს ნარიმანოვის N1 საცხოვრებელ კორპუსს. როგორც დეკანოიძე აცხადებს, დაგეგმილია სარდაფის, კიბის უჯრედების, სახურავის, აივნისა და გარეფასადის სამუშაოები. დეკანოიძის განმარტებით, სამუშაოების შესრულებისათვის ტენდერი უახლოეს დროში გამოცხადდება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ როდის დასრულდება ნარიმანოვის N1 კორპუსის რემონტი.