26 ივნისს მარნეულში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის აივანი ჩამოინგრა, რამაც მეოთხე სართულის აივნის ნგრევაც გამოიწვია. აივნების ნგრევის შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა. მათგან ერთ-ერთი ორსულად იყო, ექიმებმა ბავშვის გადარჩენა მოახერხეს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
აივანჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობა ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისწავლა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობას გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები ესაჭიროება.
„შენობის ტეკნიკური მდგომაროება არადამაკმაყოფილებელია და ესაჭიროება გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება. კერძოდ: საჭიროა განხორციელდეს შენობის სახურავზე და სადარბაზოებში კიბის უჯრედებში მოწყობილი წყლის ავზების დემონტაჟი და სახურავის ფენილის შეცვლა, რათა გამოირიცხოს შენობაში წყლის შემოღწევა და სარდაფებში ჩადინება. ამასთან ერთად, უნდა შეიცვალოს გადახურვის დაზიანებული ფილებიც. ზემოაღნიშნული სამუშაოების ჩატარებამდე შენობის ექსპლუატაცია არასაიმედოა. რაც შეეხება ეზოს მხრიდან შენობის ფასადზე მოწყობილ აივნებს, მათზე არსებული დაზიანებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ჩატარდეს დეტალური კვლევა“. – აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩა N1-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავისა და აივნების რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენისათვის 14 160 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.
„ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საფრთხე ემუქრება/ექმნება ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, აღნიშნულიდან გამომდინარე საპროექტო დოკუმენტაციის უმოკლეს ვადებში მოსამზადებლად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა განხორცილდეს გადაუდებელი აუცილებლობით“. – აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში
ნარიმანოვის N1 კორპუსის გამაგრებითი სამუშაოებისათვის პროექტით გათვალისწინებული იქნება შენობის აივნების შესწავლა, რომლის საფუძველზეც მოხდება მათი გამაგრება ან დემონტაჟი და ახლის მშენებლობა, შენობის სახურავზე დაზიანებული ფილების/ფენილების მოხსნა და ახლით შეცვლა და სხურავსა და სადარბაზოებში მოწყობილი ავზების დემონტაჟი და სამარაგო, სავარაუდოდ, 25 კუბური მეტრი მოცულობის წყლის რეზერვუარის მოწყობა.
აღსანიშნავია, რომ უკვე 16 დღეა, რაც ნარიმანოვის N1 კორპუსის მაცხოვრებელთა ნაწილი შენობაში შესვლას ვერ ახერხებს.