ND: ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ აქვს

315

შემდეგი სტატია

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს.

კერძოდ, გამოკითხულთა 55% ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა არის ცუდი; 38%-ის აზრით, საშუალო და მხოლოდ 4%-ის აზრით – კარგი.

ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ. კერძოდ, გამოკითხულმა პირებმა უპასუხეს კითხვას, „5 წლის წინანდელთან შედარებით, ახლა უფრო მეტი, იგივე თუ ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები გაქვთ“, რაზეც 45% პასუხობს, რომ ნაკლები აქვს; 34% ამბობს, რომ იგივე შესაძლებლობები აქვს; ხოლო მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვს გამოკითხულთა მხოლოდ 20%-ს.

გარდა ამისა, გამოკითხულთაგან ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა. უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, „ბოლო 12 თვეში რამდენჯერ მოხდა ისე, რომ არ გქონდათ ფული თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის საჭირო საკვების საყიდლად“, პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა: არასდროს – 39%; ყოველთვე ან უფრო ხშირად – 30%; უფრო იშვიათად, ვიდრე ყოველთვე – 29%.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.