არც სახლი, არ მანქანა, არც ბიზნესი – ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის დეკლარაცია

755

წინა სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

გიგა ფარულავა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ 2021 წლის დეკემბერში ოპოზიციის რიგებიდან აირჩიეს. ის გიორგი გახარიას პარტიის – “საქართველოსთვის” წევრია.

33 წლის ოპოზიციონერი თავმჯდომარე 2017 წლიდან ზუგდიდის მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, 2019-2021 წლებში მერის მოადგილე იყო, ამიტომაც, ქონებრივი დეკლარაცია ყოველ წელს, ჯამში 6-ჯერ აქვს შევსებული. ბოლო დეკლარაცია მან 2022 წლის თებერვალში შეავსო.

გიგა ფარულავა ოკუპირებულ გალშია დაბადებული. ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს დედა და მამა.

საკრებულოს თავმჯდომარის ექვსივე დეკლარაცია, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ცარიელი ფურცლებისაგან შედგება. არც მისი და არც ოჯახის სხვა წევრების სახელზე უძრავი ქონება გაფორმებულ არ არის და დეკლარაციებით არ ჩანს, ზუგდიდის მერიაში ამდენწლიანი მუშაობისას ოპოზიციონერი თავმჯდომარე სად ცხოვრობდა.

გიგა ფარულავას და მისი ოჯახის წევრებს არ ჰყავთ მანქანა, არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს და არავისგან მიუღიათ ისეთი ფასიანი საჩუქარი, რომელიც დეკლარაციაში უნდა ასახულიყო.

საკრებულოს თავმჯდომარე არც სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული. შპს-ს მფლობელი ყოფილა მისი მამა, თუმცა, ბოლო დეკლარაციის თანახმად, მხოლოდ 2010-2013 წლებშია მფლობელიც და დირექტორიც და გაურკვეველია, გიგა ფარულავამ მამის 9 წლის წინანდელი ბიზნესის აღნიშვნა დეკლარაციაში რატომ გადაწყვიტა. არის ერთი მცირე შეუსაბამობაც, ამ შპს-ს შესახებ ინფორმაცია წინა ორ დეკლარაციაში ჩნდება, თუმცა, ცოტა სხვა მონაცემებით.

მაგალითად, ბოლო დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ გიორგი ფარულავა, თბილისში 2010 წელს დარეგისტრირებული შპს “როკონა საქართველოს” 100%-იანი წილის მფლობელი და იმავდროულად დირექტორი იყო 2010-2013 წლებში. წერია, რომ 2021 წელს ამ შპს-დან შემოსავალი არ მიუღია.

2020-2021 წლების დეკლარაციებში კი აღნიშნულია, რომ გიორგი ფარულავა ამ შპს-ს 50%-იანი წილის მფლობელი იყო, ხოლო მეორე 50%-ს ხვიჩა ნიჟარაძე ფლობდა. იქვე მითითებულია, რომ ეს შპს არ ფუნქციონირებს, შესაბამისად, არც ამ წლებში ფიქსირდება შემოსავალი.

ბიზნესის რეესტრის მიხედვით, ეს შპს ახლაც აქტიურია, თუმცა, მისი მფლობელი ახლა უკვე დაზმერ ნიჟარაძეა. რეესტრის მონაცემებით, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარი მამა ასევე არის 2019 წელს რეგისტრირებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის, საზოგადოება “გალელის” დამფუძნებელი და დირექტორი.

დეკლარაციის შევსების დღეს გიგა ფარულავას არც ერთ ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა. მამას, გიორგი ფარულავას, “ლიბერთი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე  – 500 ლარი, ხოლო დედას, მაია ჩემიას, “ვი–თი–ბი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 650 ლარი ჰქონდა.

ამ ბოლო დეკლარაციაში არ ჩანს, თუმცა, წინა დეკლარაციებით ირკვევა, რომ დედ-მამა “ლიბერთი ბანკში” დევნილის 45-45-ლარიან შემწეობას იღებს. ესეც ცნობილი იმით ხდება, რომ დეკლარაციის შევსების დღეს მშობლებს საბანკო ანგარიშზე დევნილის შემწეობა უფიქსირდებათ.

რაც შეეხება გიგა ფარულავას შემოსავალს, ის გასულ წელს საკრებულოში ფრაქცია “ზუგდიდი საქართველოსთვის” თავმჯდომარე იყო და წლის განმავლობაში 7498,23 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. ამასთან, იანვრიდან აპრილამდე, მერის პირველი მოადგილე იყო და ამ სამ თვეში მას 5672,07 ლარი აქვს მიღებული.

დედა, მაია ჩემია, ა/ო იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ”თანხმობის” სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორია და მას 2021 წლის განმავლობაში 13 300 ლარის ანაზღაურება მიუღია. მამა, გიორგი ფარულავა, შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ენერგეტიკოსია და გასულ წელს 6 000 ლარის ანაზღაურება მიუღია.

გიგა ფარულავა საჯარო მოხელე 2017 წლიდანაა. პირველი დეკლარაცია მას ზუგდიდის გამგეობაში შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნისას შეუვსია. პირველი დეკლარაციის თანახმად, ფარულავას 2016 წელს, იურიდიულ საკითხებში ზუგდიდის საკრებულოს მთავარი სპეციალისტის პოზიციიდან, 10 500 ლარი აქვს მიღებული. ასევე, 2016 წელს მას ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობიდან, ივნისიდან ნოემბარმდე, 8 000 ლარის შემოსავალი მიუღია.

2018-2019 წლებში გიგა ფარულავა ზუგდიდის გამგეობაში (შემდეგ უკვე გამგეობა შეიცვალა მერიის დასახელებით) ისევ შესყიდვების სამსახურის უფროსია. 2017 წელს – 23 560 ლარი; 2018 წელს –  24 000 ლარი; ხოლო 2019 წლის ივნისამდე – 9160 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

2019 წლის ივნისიდან ფარულავა ზუგდიდის მერის მოადგილე იყო და ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, მოადგილის თანამდებობიდან 11 655 ლარი მიუღია.

2020 წლიდან ფარულავა მერის პირველი მოადგილეა და წლის განმავლობაში 21 006 ლარი აქვს მიღებული.

გიგა ფარულავას აქვს სესხი. 2019 წელს “საქართველოს ბანკიდან” 18 180 ლარის სესხი აუღია, რომელიც 2023 წლის ნოემბერში უნდა დაფაროს. 2020 წლის დეკლარაციით, სესხის დასაფარავად 2328 ლარი გადაუხდია, 2021 წლის დეკლარაციით –  4916,57 ლარი (ჯამში 7 244 ლარი გადაუხდია და დარჩენილი აქვს 10 936 ლარის ვალი). ბოლო დეკლარაციაში ეს სესხი უკვე აღნიშნული აღარ არის, თუმცა, ჩნდება ახალი სესხი, ისევ ამავე ბანკიდან. ფარულავას “საქართველოს ბანკიდან” 2021 წლის ნოემბერში აღებული აქვს 13706, ლარის სესხი, რომელიც 2024 წლის ნოემბერში უნდა დაფაროს და მას ამ ვალის დასაფარავად 2021 წელს 1449,04 ლარი გადაუხდია.

ასევე, გიგა ფარულავას 2017 წელს უყიდია ავტომანქანა Dodge Caliber, რაშიც 3600 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. მანქანა 2019 წლის დეკლარაციაშიცაა აღნიშნული, 2020 წლის დეკლარაციაში კი ეს ქონება უკვე აღარ წერია. გაყიდა, გააჩუქა, თუ სად წავიდა ეს მოძრავი ქონება, გაურკვეველია.