ავტორი: ეკატერინე ბასილაია
მამუკა წოწერია “ქართული ოცნებიდან” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის საჯარო თანამდებობაზე 2016 წლიდანაა, ჯერ გამგებლის მოადგილე იყო, 2017 წლიდან – საკრებულოს თავმჯდომარე და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს, ჯამში 6-ჯერ აქვს შევსებული. ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია 2021 წლის ოქტომბერშია შევსებული, როდესაც ჯერ ისევ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
ექვსივე დეკლარაციის მიხედვით, მამუკა წოწერიას ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს მეუღლე და 2 არასრულწლოვანი შვილი, ფლობს მხოლოდ ზუგდიდში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის 50-50%-იან წილებს, არ ჰყავს მანქანა და სამეწარმეო საქმიანობაზე თავი აქვს დანებებული.
წოწერიას უძრავი ქონება ასე გამოიყურება: 2012 წელს მემკვიდრეობით მიუღია 290,65 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი,ზუგდიდში, ცისკარიშვილის N9 -ში. ამ ქონების 50% მასზეა გაფორმებული, მეორე, 50%-იანი წილის მფლობელია მიმოზა წოწერია, რომელსაც არ უწერია, რა ნათესაური კავშირი აქვს ზუგდიდის მერთან, თუმცა, დიდი ალბათობით, ის დედაა. მიმოზა წოწერია არცერთ დეკლარაციაში ოჯახის წევრად მითითებული არ არის. ორივე ქონებაზე იქვე მითითებულია, რომ მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება.
ეს, 2012 წელს მიღებული მემკვიდრეობა, დეკლარაციაში 2017 წელს ჩნდება, მანამდე, 2016 წელს, პირველად შევსებულ დეკლარაციაში კი, რატომღაც გამორჩენილია. გარდა ამისა, წინა წლების დეკლარაციით ირკვევა, რომ წოწერია ამ მემკვიდრეობის 100%-იანი წილის მფლობელი იყო. არის კიდევ ერთი მცირე დეტალი, ამ ქონებაზე წინა დეკლარაციებში მისამართად მითითებულია ნინოშვილის ქუჩა, თუმცა, დიდი ალბათობით, ქუჩის სახელწოდებაა შეცვლილი.
ზუგდიდის მერი უფრო დიდი ქონების მფლობელი იყო წინა წლებში. გარდა იმისა, რომ, წინა დეკლარაციებით, წოწერია მემკვიდრეობით მიღებულ სახლსა და მიწის ნაკვეთზე 100%-იან წილს ფლობდა, მისი მეუღლის სახელზე იყო გაფორმებული 2014 წელს ნაყიდი 2 უძრავი ქონება.
თამარ ერქვანია 100% წილით ფლობდა ზუგდიდში, ნინოშვილის ქუჩაზე, 290 კვ.მ სახლს, რომელიც 2014 წელს 18 000 აშშ დოლარად უყიდია, ასევე, იმავე მისამართზე 2014 წელს 5000 აშშ დოლარად ნაყიდ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს. 2020 წლის შემდეგ სად წავიდა ეს 2 უძრავი ქონება, გაურკვეველია.
ბოლო დეკლარაციით, ზუგდიდის მერს და მის მეუღლეს ავტომანქანა არ ჰყავთ. მეუღლეს წინა წლების დეკლარაციებით ჰყავდა ავტომანქანა Mercedes-Benz, რომელიც 2015 წელს 4500 აშშ დოლარად უყიდია. სად წავიდა ეს მოძრავ ქონება, ესეც არ არის მითითებული.
ბოლო დეკლარაციით, ზუგდიდის მერი სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის. მანამდე, 2019 წლის დეკლარაციით კი, წოწერია 100%-იანი წილით ფლობდა ზუგდიდში დარეგისტრირებული შპს “ზუგდიდის ეთერზეთების” კომპანიას. 2020 წლიდან კომპანიის 100%-იანი წილი მეუღლეზეა გადაფორმებული, თუმცა, ბოლო, 2021 წლის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ შპს-ს, რომელსაც თამარ ერქვანია ფლობს, ეკონომიკური საქმიანობა შეჩერებული აქვს. წინა წლების დეკლარაციებში შპს მოქმედი იყო, თუმცა, ამ შპს-დან მამუკა წოწერიას შემოსავალი მხოლოდ 2015 წელს მიუღია – 2000 აშშ დოლარი, ხოლო საჯარო სამსახურში თანამდებობის მიღების შემდეგ შპს-დან შემოსავალი არც მერს და არც მეუღლეს არ უფიქსირდებათ.
დეკლარაციის შევსების დღეს მამუკა წოწერიას სახელფასო ანგარიშზე თანხა არ აქვს. სხვადასხვა ბანკში თანხა ერიცხება მეუღლეს.
თამარ ერქვანიას “საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე აქვს 370,89 ლარი. ამავე ბანკში მას სამი ანაბარი აქვს გახსნილი: ერთში – 2500 ლარი, მეორეში 5 000 ლარი, ხოლო მესამეში 3 000 აშშ დოლარი უდევს. მიმდინარე ანგარიშზე აქვს 40,57 და 5,94 აშშ დოლარი. ამავე ბანკში მას ასევე აქვს 150 ლარის საკრედიტო დავალიანება.
გარდა ამისა, თამარ ერქვანიას 2018 წლის ივნისში აუღია 29 000 ლარის იპოთეკური სესხი, რომელიც 2033 წლის ივნისში უნდა დაფაროს და მას ამ სესხისთვის 2020 წელს 4160 ლარი გადაუხდია.
მამუკა წოწერიას ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან 2020 წელს მიღებული აქვს 25 567,2 ლარის შემოსავალი. სხვა შემოსავალი არ უფიქსირდება.
მამუკა წოწერიას საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტიდან, 3 წლის განმავლობაში, ჯამში, 55 045 ლარი მიუღია. მათ შორის, 2019 წელს – 25 440 ლარი აქვს მიღებული; 2018 წელს – ასევე 25 440 ლარი; ხოლო 2017 წლის ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე – 4 164,29 ლარი.
მანამდე, 2016 წლის 23 ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე, წოწერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო და 2017 წელს 30 392,87 ლარი აქვს მიღებული, 2016 წლის ერთ თვეში კი – 7 692,96 ლარი.
გამგებლის მოადგილედ დანიშვნამდე წოწერია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო და 2016 წლის აპრილიდან ნოემბრამდე, დეპუტატობისას, 2 980 ლარის შემოსავალი მიუღია. ამასთან ერთად, 2016 წელს, იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე, წოწერია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის უფროსიც იყო და მას – 6 360 ლარი აქვს მიღებული.
წოწერიას მეუღლე, თამარ ერქვანია, ექიმი-რადიოლოგია და 2020 წლის განმავლობაში შემოსავლის სახით მიღებული აქვს: შპს “ნლი”-დან – 12 661,6 ლარი; შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრიდან” – 3 201,3 ლარი; შპს “უნივერსი – სამედიცინო კლინიკიდან” – 5 235,24 ლარი; ზუგდიდის ონკოლოგიის სკრინინგ ცენტრიდან – 11 673 ლარი.
ბოლო დეკლარაციით, მამუკა წოწერიას არ აქვს სესხი, არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, არ მიუღია იმ ღირებულების საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ასახულიყო.