რა ქონებას ფლობს რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე

341

წინა სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩიეს. ის ოპოზიციის რიგებიდანაა, პარტია “საქართველოსთვის” წევრი. დეკლარაცია შეროზიას ექვსჯერ აქვს შევსებული. მათ შორის, 5 დეკლარაცია – 2014-2018 წლებში ყოველწლიურად, როცა “ქართული ოცნებიდან” ჯერ რუსთავის მერის მოადგილე, შემდეგ კი მერის პირველი მოადგილე იყო. მეექვსედ კი ახლა, 2022 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიიდან გახდა.

ნოდარ შეროზია დაბადებულია სენაკში, ჰყავს მეუღლე და ორი სრულწლოვანი შვილი. დეკლარაციაში ოჯახის წევრად მითითებული მხოლოდ მეუღლე ჰყავს.

ბოლო დეკლარაციის თანახმად, ოჯახის სახელზე გაფორმებულია ორი უძრავი ქონება. ნოდარ შეროზიას სახელზეა გაფორმებული 4273 კვ.მ მიწის ნაკვეთი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათში, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეს 2000 წელს მემკვიდრეობით მიუღია. ხოლო მეუღლე, მაია შეროზია, 50%-იანი წილით ფლობს 171,9 კვ.მ ბინას თბილისში, მედეა ჩახავას ქუჩაზე, რომელიც მისთვის 2012 წელს უჩუქებიათ. მეორე, 50%-ის მეწილეა შვილი – ირაკლი შეროზია, თუმცა, ვისგანაა ეს ბინა საჩუქრად მიღებული, დეკლარაციაში აღნიშნული არ არის.

დეკლარაციის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე რუსთავში რაიმე უძრავი ქონება გაფორმებული არ არის. მას და მის მეუღლეს არ ჰყავთ ავტომანქანაც.

დეკლარაციის შევსების დღეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს “თიბისი ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 34,56 ლარი ჰქონდა; “საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე კი – 1506,85 ლარი. მეუღლეს, მაია შეროზიას, “თიბისი ბანკის” დეპოზიტზე 7308,66 აშშ დოლარი ედო, ხოლო “ლიბერთი ბანკის” საპენსიო ანგარიშზე – 260 ლარი.

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნოდარ შეროზია 2021 წლის ბოლომდე 50%-იანი წილით ფლობდა 2000 წელს რუსთავში დარეგისტრირებულ შპს “ეკი საქართველოს”. მეორე, 50%-იანი წილის მფლობელია თენგიზ ადამია. შეროზიას 2021 წელს ამ შპს-დან შემოსავალი მიღებული არ აქვს. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანია მოქმედია და 50%-იანი წილის მფლობელად ისევ შეროზიაა მითითებული.

სამეწარმეო საქმიანობის გრაფაში სხვა ბიზნესზე ინფორმაცია აღნიშნული არ არის, თუმცა, დეკლარაციაში, კონკრეტულად კი შემოსავლების გრაფაში, აღნიშნულია, რომ ნოდარ შეროზიას 2021 წლის იანვარ-აგვისტოში სს “მშენმექანიზაციიდან”, როგორც თანამესაკუთრეს, 5 359,99 ლარის შემოსავალი მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ შეროზიას შემოსავალი თანამესაკუთრეობიდან მიუღია, რატომღაც, ეს სააქციო საზოგადოება მას დეკლარაციაში სხვაგან მითითებული არ აქვს.

ამ მონაცემების გარდა, ვიგებთ იმასაც, რომ ნოდარ შეროზიას პარტია ,”საქართველოსთვის” შემოწირულობის სახით 15 000 ლარი გადაურიცხავს;,ხოლო შვილისგან საჩუქრად 7 500 ლარი მიუღია.

ბოლო დეკლარაციის მიხედვით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს არ აქვს აღებული სესხი და არ ფლობს ფასიან ქაღალდებს.

როგორც უკვე ვთქვით, შეროზიას პირველი დეკლარაცია შევსებული აქვს 2014 წელს, როცა ის “ქართული ოცნების” რიგებიდან რუსთავის მერის მოადგილედ დაინიშნა. ამ დროს მის ოჯახს 3 უძრავი ქონება გააჩნდა, საიდანაც ორი ქონება ბოლო დეკლარაციაშიც წერია, ხოლო მესამე უძრავი ქონება, რომელიც ქალაქ რუსთავში მდებარეობდა, ბოლოს უკვე აღნიშნული აღარ არის, თუმცა, არც ის არის მითითებული, სად წავიდა ეს ქონება.

საკრებულოს თავმჯდომარის უძრავი ქონება წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2014 წელს შეროზია ფლობდა მემკვიდრეობით მიღებულ 7 338.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს სენაკის სოფელ უშაფათში, ეს ნაკვეთი ბოლო დეკლარაციაში შემცირებულია 4 273 კვ.მ-მდე; ასევე მეუღლე ფლობდა 1172 კვ.მ ბინის 50%-იან წილს თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, მეორე 50%-იანი წილი კი შვილს, ირაკლი შეროზიას ეკუთვნოდა. ეს ბინა 2017-2018 წლების დეკლარაციაში აღნიშნული საერთოდ არ არის. ბოლო, 2022 წლის დეკლარაციაში კი, ისევ ჩნდება იგივე წილობრივი მონაცემებით. ოჯახი ბოლო დეკლარაციაში მხოლოდ ამ ორ ქონებას ფლობს. რაც შეეხება მესამე უძრავ ქონებას, ნოდარ შეროზია, პირველი დეკლარაციით, 100%-იანი წილით ფლობდა 569 კვ.მ სახლს რუსთავში, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ქონება 2015-2018 წლების ხუთივე დეკლარაციაშია აღნიშნულია, თუმცა, 2017 წელს უკვე დაკონკრეტებულია, რომ ეს არის საკარმიდამო ნაკვეთი, რომელიც 1989 წელს სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ მიუღია და შემდეგ მასზე აუშენებია 146.40 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. 2018 წელს რუსთავში არსებული ამ ქონების ნაწილზე უკვე თანამესაკუთრედ ჩნდება მეორე შვილი, ოთარ შეროზია, რომელიც 50%-იან წილს ფლობდა. 2022 წლის დეკლარაციაში კი ეს ქონება საერთოდ ქრება, თუმცა, რა ბედი ეწია ამ ქონებას, დეკლარაციაში მითითებული არ არის.

სანამ შეროზია რუსთავის მერის მოადგილედ დაინიშნებოდა, ის ბიზნესშიც იყო ჩართული. რუსთავის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე 1996 წელს რუსთავში დარეგისტრირებული სს “მშენმექანიზაციის” აქციონერი და დირექტორი იყო. დირექტორობიდან 2013 წელს 11 741 ლარის შემოსავალი მიუღია, ასევე დირექტორობიდან 7 088 ლარის შემოსავალი მიღებული აქვს 2014 წელსაც, როცა მერის მოადგილედ დაინიშნა. ამ სს-დან, როგორც აქციონერი, შემოსავლებს იღებდა წლების განმავლობაში: 2013 წელს მიუღია 39 963.15 ლარი; 2014 წელს – 24 337 ლარი, 2015 წელს – 55 310 ლარი; 2016 წელს – 12 632 ლარი; 2017 წელს – 12 847 ლარი; 2022 წელს კი, უკვე როგორც თანამესაკუთრეს, 5 359,99 ლარი.

ამ სააქციო საზოგადოებაში მუშაობს მეუღლეც, ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია.

2017 წლის დეკლარაციით მონაცემები უფრო დაზუსტებულია და ვიგებთ, რომ ნოდარ შეროზია სს “მშენმექანიზაცია საქართველოს” 40%-იან წილს ფლობს, დანარჩენი 60%-ის მფლობელი კი შვილი, ოთარ შეროზიაა.

ნოდარ შეროზია ასევე არის 2000 წელს რუსთავში დარეგისტრირებული შპს “ეკის” პარტნიორი, საიდანაც, 2013 წლიდან დღემდე, შემოსავალი მიღებული არ აქვს.

რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, 2014 წელს ნოდარ შეროზია უკვე რუსთავის მერის მოადგილედ დაინიშნა და ამ წელს მოადგილეობიდან მას 15 580 ლარის შემოსავალი მიუღია.

2015 წელს ის უკვე მერის პირველი მოადგილე გახდა და 44 547 ლარის შემოსავალი მიიღო. 2016 წელს ამავე თანამდებობიდან მას 57 845 ლარის შემოსავალი მიუღია (საგულისხმოა ის, რომ მედიის ცნობით, 2016 წელს შეროზიამ 14-ჯერ მიიღო პრემია-დანამატი – ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, მერის პირველმა მოადგილემ ნოდარ შეროზიამ 2016 წლის განმავლობაში 57 845 ლარი მიიღო, მათ შორის, თანამდებობრივი სარგო – 27 000 ლარი, ხოლო 14-ჯერ მიღებული პრემია-დანამატის სახით – 30 845 ლარი.) 2017 წელს მოადგილის თანამდებობიდან მას 39 975 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

წინა წლების დეკლარაციის მიხედვით, ნოდარ შეროზია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოშვებული აქციების მფლობელიცაა. მას 1996 წელს 7 000 აშშ დოლარად აქციები უყიდია, რომლის ღირებულებაც ამჟამად 62 040 აშშ დოლარს შეადგენს. ეს მონაცემები ბოლო, 2022 წლის დეკლარაციაში, უკვე აღარ ფიქსირდება.