აუდიტი: მგფ-ის მიერ გადაცემული ავტობუსები ქუთაისის მერიამ 9 თვეში 954-ჯერ შეაკეთა 

1230

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მგფ-ის მიერ გადაცემული ავტობუსები ქუთაისის მერიამ 9 თვეში 954-ჯერ შეაკეთა, ხოლო, მიმწოდებელ კომპანიას ჯარიმა არასრულად დააკისრა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

როგორც აუდიტის სამსახური წერს, 2019 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, თვითმმართველ ქალაქებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, 6 ქალაქში საჯარო ტრანსპორტის განვითარების მიზნით, შეისყიდა 175 ავტობუსი შეისყიდა. 2020 წელს კი, მგფ-მა ქუთაისის მერიას 22,669.5 ათასი ლარის სესხის ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის საფუძველზეც თანხის ნაცვლად 60 ახალი ავტობუსი გადასცა.

ხოლო, ხელშეკრულების მიხედვით, მიწოდებული ავტობუსების ტექნიკური მახასიათებლები, ცალკეული კომპონენტისა და აგრეგატის მუშაობა უნდა ყოფილიყო ევროპის პარლამენტის დირექტივასთან შესაბამისობაში.

აღსანიშნავია, რომ მერიისათვის ავტობუსების გადაცემა მგფ-მა 2020 წლის დეკემბერში დაასრულა, მიღებული ავტობუსების ექსპლოატაციის გაწევა კი, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას“ დაევალა.

აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ საწარმომ სერვისის განმახორციელებელ შპს-ს 9 თვის განმავლობაში, 16 სხვადასხვა დაზიანების აღმოსაფხვრელად, 954-ჯერ მიმართა. დროის მოკლე პერიოდში გამოვლენილი დაზიანებების სიხშირე და ხარისხი კი მიანიშნებს, რომ გადმოცემული ავტობუსები უხარისხოა და არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობების მოთხოვნებს

როგორც აუდიტი წერს, მგფ-ის მიერ ავტობუსების შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მხარემ უნდა გააჩეროს დაზიანებული ავტობუსი მის სრულ შეკეთებამდე, ხოლო მიმწოდებელი ყოველ მოცდენილ დღეზე დაჯარიმდება 160 ევროს ოდენობით. აღნიშნულის გათვალიწინებით, შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მიმწოდებელი დააჯარიმა 55.7 ათასი ევროს ოდენობით, რამდენიმე ავტობუსის, ჯამში − 348 დღით გაჩერებისთვის. თუმცა, აუდიტის ინფორმაციით, ავტობუსები მეტჯერ დაზიანდა და შესაბამისად, ჯარიმის მოცულობა უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვნად მეტი, მაგრამ კომპანიამ დაჯარიმების მექანიზმი ვერ გამოიყენა.

“პასუხისმგებელი პირის განმარტებით, შპს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაჯარიმების მექანიზმით სათანადოდ ვერ სარგებლობს: სატრანსპორტო კომპანია მუშაობს შესაძლებლობების ზღვარზე და 60 ავტობუსი არასაკმარისია ქალაქის ყველა სამარშრუტო ხაზის გამართული ფუნქციონირებისთვის.

შესაბამისად, ერთდროულად რამდენიმე ავტობუსის გაჩერება მგზავრების გადაყვანის პროცესის პარალიზებას იწვევდა. ამდენად, კომპანია იძულებული გახდა, ხშირად სამუშაოდ დაზიანებული ავტობუსები გამოეყენებინა. იმის გამო, რომ ტრანსპორტის მოცდენა არ ფიქსირდება, მიმწოდებელზე ამ პერიოდში საჯარიმო სანქცია არ გავრცელებულა.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული უფლებები გადასცა მუნიციპალიტეტს, რომელიც უზრუნველყოფს ავტობუსების ოპერირებას. ავტობუსების ხშირი დაზიანების გათვალისწინებით, ხელშეკრულების
საფუძველზე, მერიას შეეძლო, მიმწოდებლისთვის მოეთხოვა ავტობუსების ხარისხობრივი მაჩვენებლების ექსპერტიზის ჩატარება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა სატრანსპორტო საშუალებების ხარისხის შეუსაბამობა ხელშეკრულების პირობებთან, მერიას უფლება ჰქონდა, მოეთხოვა უხარისხო ავტობუსების ჩანაცვლება. მერიას, ასევე, შეეძლო, ჩანაცვლებამდე გამოეყენებინა ძველი ავტობუსები, რომლებზეც სტანდარტულად ვრცელდება ხელშეკრულებაში განსაზღვრული საგარანტიო პირობები. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები, რა ღონისძიებები გაატარა პრობლების მოსაგვარებლად”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის პროცესს გააჩნია არსებითი ნაკლოვანებები. ავტობუსების ხშირი დაზიანების გამო, შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“ ვერ ახერხებს მგზავრთა სათანადო მომსახურებას. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია საკმარისი და შესაფერისი ღონისძიებები მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად.

აუდიტის რეკომენდაციაა, მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების მიზნით, გამოიყენოს მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილებები და გაატაროს სათანადო ღონისძიებები საკუთარი ინტერესების დასაცავად; ასევე, დაადგინოს ავტობუსების ხარისხის შესაბამისობა კონტრაქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში, განახორციელოს სათანადო რეაგირება.