ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის დასაფინანსებლად, რომელიც რამდენიმე თვე პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა, 88 400 ლარი დაიხარჯა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
ქუთაისის მერიამ, ქალაქის სატრანსპორტო სისტემის უკეთესად ორგანიზების მიზნით, 2020 წლის 14 იანვარს დააფუძნა შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“. თუმცა, აუდიტის ინფორმაციით, შპს-ს ფაქტობრივად საქმიანობა უნდა დაეწყო მას შემდეგ, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მერიას გადასცემდნენ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებებს.
აღსანიშნავია, რომ მგფ-მა მერიისთვის ავტობუსების მიწოდება 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან სექტემბრამდე ორგანიზაცია პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა, მისი საქმიანობის დასაფინანსებლად გაწეულმა ხარჯმა ამ პერიოდში 88.4 ათასი ლარი შეადგინა.
“თანხები, ძირითადად, გაცემულია დასაქმებული პერსონალის ხელფასის სახით. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2020 წლის თებერვალ-მარტში დაასაქმა და შესაბამისი ხარჯები გასწია ისეთ პერსონალზე, რომელთა ფიზიკური საჭიროება არ იდგა ორგანიზაციის სრულად ფუნქციონირების დაწყებამდე. კერძოდ, ამ პერიოდში შპს-ში დაინიშნენ: ექსპლოატაციის უფროსი, მგზავრთა მონიტორინგის განყოფილების უფროსი, უსაფრთხოების მენეჯერი და სხვა პერსონალი”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის დასკნით, შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში“ თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა პერსონალი, რომელთა ფუნქციურად დატვირთვა ვერ მოხდებოდა
შპს-ისთვის ავტობუბის გადაცემამდე. შესაბამისად, დასახელებულ პერსონალზე გადახდილი თანხები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეული არაეკონომიური ხარჯია.