უმთავრესი რაც არის, როგორც თქვენ, ისე საზოგადოებამაც იხილა ის უპასუხისმგებლო ქმედება ორივე პარტიისგან, როგორც “ქართული ოცნების” ისე “ნაციონალური მოძრაობისგან, რომელთაგან არცერთი არ შემოსულა სხდომათა დარბაზში, – ასე შეაფასა “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა გიგა ფარულავამ კვორუმის არარსებობის გამო სხდომის გადადება ჩხოროწყუს საკრებულოში. მისი განცხადებით, ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ დაძლია ის პოლიტიკური ეგო, ერთპიროვნულად მართოს მუნიციპალიტეტი თუ საკრებულო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
გიგა ფარულავას თქმით, 12:00 საათზე, როცა ჩაინიშნა წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომა, მათი პარტიის წევრები სხდომათა დარბაზში სრულად იყვნენ წარმოდგენილები, განსხვავებით მმართველი პარტიის და “ნაციონალური მოძრაობისგან”.
“ძალიან დიდხანს ველოდეთ ორივე პარტიას და ფაქტობრივად, იძულებულები გახდნენ ორივენი, რომ შემოსულიყვნენ სხდომათა დარბაზში. ამის შემდეგომ, გავიდა ორი საათი. ველოდებით ორივე პარტიას. “ქართული ოცნება” აბსურდულ მიზეზს ამბობს იმისა, რომ კვორუმი ვერ შედგა. ბუნებრივია, თვითონ რომ შემოსულიყვნენ, კვორუმი იქნებოდა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ წარვადგენდით ჩვენი პარტიიდან კანდიდატს კვორუმის შემთხვევაში. ბუნებრივია იმისთვის, რომ კრიზისი დაგვეძლია და ერთხელ და სამუდამოდ გამოვსულიყავით ამ ჩიხიდან და ის არჩევანი, რაც ჩხოროწყუელმა მოსახლეობამ არჩევნებზე გააკეთა, იმის შესაბამისად გვემოქმედა და საკრებულო ყოფილიყო დაბალანსებული. ჩვენ როგორც პირველ ჯერზე, ისე მეორე შემთხვევაში მზად ვიყავით და ხედავთ, რომ ჩვენი პარტია სრულად არის წარმოდგენილი. სამწუხაროდ, არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც “ქართული ოცნება არ არის წარმოდგენილი. მე არ ვიცი ისინი რას ელოდებიან. ფაქტია, რომ შესვენება იყო გამოცხადებული. მათ საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ მოსულიყვნენ დამსხდარიყვნენ სხდომათა დარბაზში”, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
“ლელოს” და ენმ-ის შემდეგ, სხდომა მმართველმა პარტიამაც დატოვა. კვორუმის არარსებობის გამო კი, სხდომა გადაიდო გაურკვეველი ვადით.
“ქართული ოცნების” წევრ ჯანო პერტაიას განცხადებით, მისი გუნდის წერებმა სხვადასხვა მიზეზით ვერ მიიღეს სხდომაში მონაწილეობა.
მანამდე, ჩატარდა კენჭისყრა, სადაც მხოლოდ მმართველი გუნდი და “საქართველოსთვის” მონაწილეობდნენ. 19-დან 7 ბიულეტენი გაბათილდა. შედეგად, “ოცნების” წარმომადგენელ ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა ჩავარდა თავმჯდომარის პოზიციაზე,.
უკვე მესამე სხდომაა, ჩხოროწყუს საკრებულო ვერ ახერხებს თავმჯდომარის არჩევას.
ჩხოროწყუს საკრებულომ გასულ კვირას, ვერც მეორე სხდომაზე შეძლო თავმჯდომარის არჩევა. სხდომაზე ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. პარტია “საქართველოსთვის” შოთა წურწუმია და “ქართული ოცნებიდან” ჯუმბერ იზორია. ოპოზიციის მიერ ღიად გამოცხადებული მხარდაჭერის მიუხედავად, შოთა წურწუმიამ – 12 ხმა მიიღო, ჯუმბერ იზორიამ -13. ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, გამოჩნდა, რომ ვიღაც “გაიყიდა” და მათ უარი თქვეს განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 დეპუტატი ჰყავს. აქედან 7 მანდატი ეკუთვნის – პარტიას “გახარია საქართველოსთვის”, 7- “ნაციონალურ მოძრაობას”, 1 -“ლელოს” და 12 “ქართულ ოცნებას”.
საკრებულოების თავმჯდომარეები არც ზუგდიდში, წალენჯიხასა და სენაკში აურჩევიათ ჯერჯერობით.