ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა „ლელოს” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დატოვეს. მათი თქმით, დარბაზში კვორუმი არის და ახლა პარტია „საქართველოსთვის” წევრებმა ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ისინი მიიჩნევენ, რომ მათ ერთადერთ კანდიდატს, „ქართული ოცნების” წარმომადგენელ ჯუმბერ იზორიას მხარი არ უნდა დაუჭირონ.
„ჩვენ დილით ვამბობდით, რომ არ მოვიდოდოთ სხდომაზე, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც კითხვის ნიშნები არ ყოფილიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვნახეთ ხელისუფლების ვირეშმაკობა. ხელისუფლება ხელოვნურად აგდებს კვორუმს. მოვიდა გახარიას გუნდი და ხელისუფლება არ შემოდიოდა დარბაზში, იყვნენ შეყუჟული გამგებლის სათადარიგო ოთახში, როგორც კი მოვედით და შევქმენით კვორუმი, ყველა გამოცხადდა. აი, ამის გამო მოვედით ჩვენ, რომ ეს კენჭისყრა გაიმართოს. ბატონი ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა უნდა ჩავარდეს წესით, ხმების მანიპულირება არ უნდა გააგრძელოს გახარიას გუნდმა და ღირსეული პასუხი გასცეს ამომრჩეველს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რამაზ გულუამ.
სხდომაზე კენჭისყრის პროცედურა დაიწყო. მასში მონაწილეობას ერთადერთი კანდიდატი „ქართული ოცნებიდან” ჯუმბერ იზორია იღებს, რადგან წინა სხდომაზე მან მეტი ხმები მიიღო.
ხმის მიცემის პროცედურაში, პარტია „საქართველოსთვის” და „ქართული ოცნების” წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ადგილზე 19 დეპუტატი რჩება, რაც კვორუმისთვის საკმარისია. ჩხოროწყუს ახლად არჩეულ საკრებულოში, სულ 27 დეპუტატია.