არ მივცემთ ძველ საკრებულოს ბიუჯეტის განხილვის უფლებას – ზუგდიდში მოშიმშილებმა საკრებულოს დარბაზში გადაინაცვლეს

299

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს მოშიმშილე წევრებმა, ფრაქცია ენმ-ის ოთახიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადმოინაცვლეს. მათი თქმით, არ მისცემენ ძველ წარმომადგენლობით ორგანოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვის შესაძლებლობას. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოშიმშილეებისთვის ლეიბების ამოტანის პროცესს ხმაური მოჰყვა. დაცვა ოპოზიციას ამის საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ, რამდენიმეს ამოტანა მათ მაინც მოახერხეს. ადგილზე უკვე დააგეს ოთხი ლეიბი, სადაც მოშიმშილეები განთავსდნენ.ისინი ამბობენ, რომ წინა მოწვევის საკრებულო ცდილობს ახლის შეკრებამდე, დაჩქარებული წესით მიიღოს მთავარი საფინანსო დოკუმენტი. ანა წითლიძის განცხადებით, ხელისუფლებას ახალი საკრებულოს პირობებში ეშინია ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის, რადგან თუკი ზედიზედ ორჯერ ვერ ჩავარდება ეს პროექტი, სამართლებრივი საფუძველია მერის და წარმომადგენლობითი ორგანოს ხელახალი არჩევნების დანიშვნის. ენმ-ის წევრის გამარტებით, დღეს ადგილობრივი თვითმმართველობა სწორედ ამ პროცესების თავიდან არიდებას ცდილობს.

მანვე მოუწოდა 2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრებს, ნუ შეასრულებენ უკანონო დავალებას, რადგან ადრე თუ გვიან ეს ყველას მოეკითხება.

“ადგილობრივი ხელისუფლება აპელირებს, რომ 15 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს ბიუჯეტის განხილვა. კი, ეს ნამდვილად ასეა, ფრაქციებმა 15 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ ბიუჯეტის განხილვა, მათ შორის სამოქალაქო სექტორთან, მაგრამ კოდექსს აქვს დათქმა – მიღების ვადა 30 დეკემბრამდე. საკრებულოს შეუძლია დაიწყოს ბიუჯეტის განხილვა, მაგრამ ვალდებულება იმის, რომ მათ მიიღონ ეს ბიუჯეტი, არ აქვთ. მათ შეუძლიათ ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც იქნება ბიუჯეტთან დაკავშირებით, გადასცენ ახალ საკრებულოს და შემდეგ, ახალმა საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ლეგიტიმური არის ახალი საკრებულო, ამ შენიშვნებს და რეკომენდაციებს გაითვალისინებს თუ არა. ამიტომ, დათქმა 15 ნოემბერი არის არასწორი, რა დათქმაც ადგილობრივ ხელიუფლებას აქვს.

ეს განხილვები ითვალისწინებს მათ შორის მოქალაქეებთან ბიუჯეტის პროექტის განხილვას. ეს არ ითვალისწინებს იმას, რაც გააკეთეს, რომ ერთ დღეში საკრებულოს ყველა კომისიამ განიხილა ეს ბიუჯეტი”, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, ტყუილია მმართველი გუნდის მიერ გავრცელებული ცნობები, რომ წინა მოწვევის საკრებულოში მოქმედი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წევრები მონაწილეობენ ბიუჯეტის პროექტის განხილვაში, რადგან პროცესი არალეგიტიმურად მიაჩნიათ.

თავის მხრივ, 2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრის, ბათლომე შელიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს ბიუჯეტი დაცქარებული წესით მიიღოს და ხდება ბიუჯეტით და საკრებულოს დეპუტატებით მანიპულირება, რომლებსაც მუშაობის ვადა ეწურებათ.