წითლიძე: ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, ვადაგასულმა საკრებულოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს და აპირებენ დაჩქარებული წესით მიღებას

314

შემდეგი სტატია

ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, საკრებულოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდის უკვე ვადაგასულმა საკრებულომ, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო და აპირებს დაჩქარებული წესით მიღებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ დაიწყო არაკანონიერი და არალეგიტიმური პროცესი.

„ხელისუფლებამ დაიწყო კიდევ ერთი არალეგიტიმური და არაკანონიერი პროცესი საკრებულოებში. ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, საკრებულოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდის უკვე ვადაგასულმა საკრებულომ დაიწყო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და აპირებს დაჩქარებული წესით მიღებას.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით ბიუჯეტის მიღების ბოლო ვადა არის 30 დეკემბერი. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების შეჯამებიდან 30 დღის განმავლობაში შეუძლია ჩანიშნოს პირველი ახლად არჩეული საკრებულოს სხდომა – რაც ნიშნავს იმას, რომ ახლად არჩეული საკრებულოები ეტევიან ყველანაირ სამართლებრივ ვადებში განიხილონ და დაამტკიცონ 2022 წლის ბიუჯეტი. თუმცა, დღეს მივიღეთ რეალობა, როდესაც საკრებულოებში უმცირესობაში გადასული მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას და განიხილავს და ემზადება 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მისაღებად, იმის შიშით, რომ საკრებულოში მათ არ აქვთ უმრავლესობა და ახალი საკრებულოების პირობებში ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნას შეიძლება მოჰყვეს რიგგარეშე არჩევნები”,- განაცხადა ანა წითლიძემ.

აღნიშნული განცხადება, წითლიძემ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გააკეთა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ, ახლად არჩეული საკრებულოს წევრები, რომლებმაც 15 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. მოშიმშილე დეპუტატებმა, ფრაქციის ოთახიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადმოინაცვლეს და ლეიბები გაშალეს.

ცნობისთვის, გუშინ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. მას საჯარო მოხელეები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილი ესწრებოდა.