“ჩვენ რა შუაში ვართ, კაცო”, — ასე პასუხობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ პატიმრების გინებასა და მუქარას. ამასთან, მისი აზრით, სააკაშვილისადმი ეს აგრესია “სავარაუდო” და მოსალოდნელი იყო.
“შეიძლება ეს იყო სავარაუდო, იქიდან გამომდინარე, თუ რა წარსული აკავშირებს მიხეილ სააკაშვილს ციხესთან. ჩვენ რა შუაში ვართ, კაცო? ჩვენ რა შუაში ვართ?”, — ამბობს ის.
გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ ექსპრეზიდენტის მონახულება თავდაპირველად მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეძლო. აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს.
მოგვიანებით, თავად მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც ამბობს, რომ კრიმინალების გინების ქვეშ, პოლიციელებმა ის მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში.
8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა.
ექსპრეზიდენტის ციხეში შეყვანის შემდეგ ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხეში მიიტანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი უწყება ამტკიცებდა, რომ ციხის კლინიკა საჭირო ტექნიკით აღჭურვილია.
მოთხოვნის მიუხედავად, სააკაშვილთან ღამით არ უშვებდნენ არც ადვოკატებს და არც პირად ექიმს. ადვოკატების თქმით, არასამუშაო საათების მიუხედავად, ვითარება ორდინალური არ იყო და უნდა შეეშვათ.
ნინო ლომჯარიას განცხადებით კი, სააკაშვილს ციხეში უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მაინც ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გაავრცელეს კადრები, რომლითაც სურთ დაამტკიცონ, რომ ექსპრეზიდენტს #12 დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.
ფიზიკურ ძალადობაზე საუბრის გარდა, სააკაშვილი წერილში ამბობს, რომ #18 დაწესებულებაში გადასვლისას ციხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა: “აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში”.
იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მისივე მტკიცებით, სააკაშვილმა ციხეში შეყვანისას თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.