საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში მოტყუებით გადაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ სააკაშვილი თავის წერილში წერს, რომელიც მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააცნო საზოგადოებას.
წერილში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს ამბობს და არ თანამშრომლობს კლინიკის მედპერსონალთან. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის მხოლოდ მის პირად ექიმს შეხვდება.
“მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდით და გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე. ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს ხელმძღვანელმა მუშაკმა გამომიცხადა “აჰა, ჩიტო, ხო ჩაგიგდეთ ხელში” და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე”, – წერს სააკაშვილი.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს განცხადებას “ძვირადღირებული ნივთების” დაზიანებაზე, სააკაშვილი ამბობს, რომ მედპერსონალმა მისთვის ნემსის გაკეთება სცადა, რა დროსაც სააკაშვილმა სამედიცინო მოწყობილობას ხელი გაკრა.
“გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა, ისევე როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი, კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს, მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე. ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობის და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით. ყველა იქცეოდა, როგორც ნამდვილი კრიმინალები. ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილების ხმა. ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს. სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ. შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს”, – წერს სააკაშვილი.
როგორც ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, მისი ციხის კლინიკაში გადაყვანის მიზანი ფიზიკური განადგურებაა. ის მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას გადარჩენა სჭირდება.
“აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით. მინდა არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა. მე ვალდებული ვიყავი გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი, ხოლო თქვენ, გარეთ ხართ უამრავი და შესაბამისად, ვერავინ დაგამარცხებთ. მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის პირობებში. კიდევ ერთხელ – არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს. ჩვენი ერთიანობით და მშვიდობიანობით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბანდიტებს ჩაუვარდათ ხელში და დაღუპვის პირასაა.
მინდა ხელახლა ვთხოვო ემიგრაციას, ახლა არის მომენტი, აჩუქოთ საქართველოს თუნდაც ერთი ან რამდენიმე დღე და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. დიდი იმედი მაქვს ყველა თქვენგანის. არ შეგვეშინდეს ამათი. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ და რაც მთავარია, მართალი ვართ და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი სამშობლო გვაქვს გადასარჩენი.
პ.ს. მიმართვა ნიკა მელიას – ვიზიარებ და სრულიად მხარს ვუჭერ ნიკა შენს გადაწყვეტილებას გლდანის ციხესთან წამოსვლაზე უარის შესახებ. აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას. ყოჩაღ ამისთვის”, – წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ, მოტყუებით გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს. ის 40 დღეა შიმშილობს.
გარკვეული დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფლის ვინაობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზად პენიტენციურმა “ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები” დაასახელა, შემდეგ კი გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ალაგებს საკუთარ ნივთებს მიხეილ სააკაშვილი და გადის რუსთავის ციხის საკნიდან. უწყების მტკიცებით, “სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ”.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.