საია-ს თავმჯდომარე: სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ გლდანის დაწესებულებიდან

395

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ გლდანის #18 დაწესებულებიდან.

“ის მოტყუებით წაიყვანეს ამ დაწესებულებაში და ამის გასამართლებლად მორიგი უკანონოდ გავრცელებული კადრები ვნახეთ. გლდანში არაა სათანადო პირობები მკურნალობისთვის და რაც მთავარია, მისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა”, — წერს სიმონიშვილი Facebook-ზე.

სანამ მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხეში გადაიყვანდნენ, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ანალიზებზე დაყრდნობით კონსილიუმი ექსპრეზიდენტის მაღალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე შეთანხმდა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა ერთი საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის ციხეში შეყვანის შემდეგ ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხეში მიიტანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი უწყება ამტკიცებდა, რომ ციხის კლინიკა საჭირო ტექნიკით აღჭურვილია.

მოთხოვნის მიუხედავად, სააკაშვილთან ამ დრომდე არ უშვებენ არც ადვოკატებს და არც პირად ექიმს. ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში არასამუშაო საათებია, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ ახლა ორდინალური ვითარება არ არის. ექიმი კი აცხადებს, რომ 8 ნოემბრის კონსილიუმი სააკაშვილის გარეშე ჩატარდა და ბოლოს გუშინ ნახა.

ექსპრეზიდენტის მონახულება თავდაპირველად მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეძლო, მოგვიანებით კი თავად ომბუდსმენმა. აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით კი, სააკაშვილს ციხეში უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მაინც ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გაავრცელეს კადრები, რომლითაც სურთ დაამტკიცონ, რომ ექსპრეზიდენტს #12 დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.

გარდა ამისა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ომბუდსმენმა თქვა, რომ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჯერ კიდევ დერეფანში დგას კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც იქ მას შემდეგ მიიტანეს, რაც კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს. მისივე თქმით, კლინიკაში არ არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიისა (MRT) და კათეტერიზაციის აპარატი.

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მისივე მტკიცებით, სააკაშვილმა ციხეში შეყვანისას თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.